LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეროტიკული სცენების გამო ცოტა ეჭვი გამიჩნდა, რადგან ხშირია ამგვარი ეპიზოდების არასწორი ინტერპრეტირება” – ქართველი მსახიობი ოთარ სარალიძე ,,ნეტფლიქსის” ეროტიკულ ტრილერში

გადაცემის ლაივი LIVE

3 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პოლონეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი ოთარ სარალიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და ფილმზე „365 დღე“ ისაუბრა.

– ოთარ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფილმის პირველმა ნაწილმა, რომელიც ზოგმა პოზიტიურად, ზოგმა – ნეგატიურად შეაფასა, თუმცა თქვენი ნამუშევარი ყველამ ერთნაირად მოიწონა. როგორ აღმოჩნდით ფილმის გადაღებებზე?

– ფილმზე სამუშაოდ 2019 წელს მიმიწვიეს. თუმცა, ჯერ წიგნის წაკითხვა შემომთავაზეს, რომლის მიხედვითაც ფილმის დადგმა იგეგმებოდა. მართალია, ეროტიკული სცენების გამო ცოტა ეჭვი გამიჩნდა, რადგან ხშირია ამგვარი ეპიზოდების არასწორი ინტერპრეტირება, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი. ორ თვეში გადაღებები დაიწყო და იტალიაში გავემგზავრე. საინტერესო მოგზაურობა მქონდა, უამრავი ადამიანი გავიცანი და უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ, სწორედ ამ ფილმით დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მომიტანს.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი ფილმი Netflix-ის საუკეთესო პროდუქციად ითვლება,

– ფილმის პრემიერა პოლონეთის კინოთეატრებში შედგა პანდემიის დროს, მერე კი, Netflix-მა გაუშვა. მართალია, მეორე ნაწილის გადაღებაც იგეგმებოდა, მაგრამ ისევ პანდემიამ გვაიძულა მისი ერთი წლით გადადება.

– მოკლედ ხომ ვერ მოგვითხრობთ ფილმის სიუჟეტს?

– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ფილმი ეროტიკული ტრილერის ჟანრს მიეკუთნება.  მთავარი გმირი პოლონელი ქალია, რომელიც იტალიაში მიემგზავრება და ადგილობრივ მაფიოზს ეცნობა, ვისთანაც მალე რომანსაც აბამს. რა თქმა უნდა, ფილმში მრავლადაა წყვილის ეროტიკული თავგადასავლები.

– როდის გამოვა ლევან თუთბერიძის ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“, რომელშიც თქვენც მიიღეთ მონაწილეობა?

– ფილმის პრემიერა ერთ-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, თუმცა ნამდვილად არ ვიცი ფართო ეკრანზე როდის გამოვა. სხვათა შორის, სწორედ ამ ფილმით შედგა ჩემი ქართული დებიუტი. ძალიან სასიამოვნო იყო ბატონ ლევანთან და მთელ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა, მით უფრო, რომ საოცრად საინტერესო პერსონაჟი განვასახიერე. ფილმის ყველა პერსონაჟი ყოველდღიური თბილისური პრობლემების განსახიერებად შეიძლება აღვიქვათ, დათო კი, ერთ-ერთია მათ შორის.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ცოტა ხნის წინ დავამთავრე კომედიაზე მუშაობა, რომელიც ისევ Netflix-ზე გავა, რამდენიმე დღეში პოლონური სერიალის გადაღებები იწყება, მერე კი, იმედი მაქვს საქართველოში ჩამოვალ და ცოტას დავისვენებ.