LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონი, ასპინძა, ქსანი, მარნეული, გლდანი – საქართველოში ქარის, ჰიდრო და მზის 5 ახალი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება – რას შეცვლის პროექტები ენერგეტიკულ ბაზარზე / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

საქართველოს მთავრობა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე პროექტს განიხილავს.

საუბარია ჯამურად 150 მგვტ. სიმძლავრის ქარის, ჰიდრო და მზის ენერგიის პროექტებზე. პროექტებში ჯამურად, 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტების განსახორციელებლად შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა: გორის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქსანი და ასპინძა.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.

– მე მშრალი ინფორმაცია მივაწოდე მსმენელს. სასურველია, მეტი დეტალი თქვენ გვითხრათ. რა პროექტებზეა საუბარი? 

– ჯამურად საუბარია 5 პროექტზე, რომელიც მთავრობის მიერაა უკვე მოწონებული. მათ შორის ყველაზე დიდი კომპონენტია 110 მეგავატი ქარის ელექტროსადგური ზესტაფონის რეგიონში.

ასევე საუბარია 20 მეგავატი სიმძლავრის მზის ენერგიაზე, რომლის წინასწარი კვლევა-ძიების სამუშაოებია ჩასატარებელი ქსანში და გლდანში და ასევე საუბარია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე ასპინძისა და მარნეულის რაიონებში.

ჯამურად  როგორც თქვით, 150 მეგავატი სიმძლავრეზე და 200 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი.

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად იზრდება მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულება იმპორტის თვალსაზრისით.

ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოწოდებულია, რომ შემცირდეს ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე, მისასალმებელია და ასე მისასალმებელია ქარის და მზის ენერგიის წყაროს გაჩენა ჩვენს ქვეყანაში.

ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ დამოკიდებულება შემცირდეს განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.

 

– ინვესტიცია იქნება ადგილობრივი, თუ უცხოური, მთავრობა დახარჯავს პროექტის განხორციელებაში გარკვეულ ნაწილს?

– ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე დახმარების მექანიზმი, რომელიც გაწერილია 403-ე დადგენილებაში, რაც მოიცავს პრემიუმ ტარიფის დამატებას. ოთხი პროექტი ამ ხუთი პროექტიდან ვითარდება პრემიალური ტარიფის დახმარებით, რაც იმას ნიშნავს, როდესაც გაიხსნება ენერგეტიკული ბაზარი,  ამ შემთხვევაში მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 5.5 ცენტზე ნაკლები თუ იქნება, 1,5 ცენტი შეავსოს ხუთნახევარ ცენტამდე. თუ იმის ზემოთ დაფიქსირდება ფასი, რა თქმა უნდა, მთავრობა ვალდებულებას არ იღებს, რაიმე თანხა დაუმატოს.

ეს არის მექანიზმი, რომელშიც მთავრობის ვალდებულებაა ასახული.

ინვესტორები არიან როგორც ქართველები, ისევე უცხოელები, ისინი პროექტის კვლევა-ძიების ეტაპზე არიან და უახლოეს მომავალში გადაწყდება მათი მშენებლობის მიზანშეწონილობა. ორი პროექტი გადადის მშენებლობის ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევა-ძიებები დასრულებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობის ფაზა.

– ალბათ პროექტები ეტაპობრივად დასრულდება, (ყველა ერთად ვერ დასრულდება),  დაახლოებით რა ვადებზე გაქვთ მათი დასრულების პროცესი გათვლილი?

– ნებისმიერი ენერგეტიკული ნაგებობა გარკვეული კვლევა ძიების შემდგომ მოიცავს გარკვეულ სამუშაოებს და მშენებლობის ეტაპს. ქარის ენერგიის შექმნის შემთხვევაში ნაკლები დროა საჭირო, ჰიდროს ენერგიის შემთხვევაში ესეც გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარე, დაახლოებით 2 წლიდან 4 წლის ფარგლებში არის ამ პროექტების თანმიმდევრული ინტეგრირება ქსელში მოსალოდნელი.

– 150 მეგავატი მესმის, რომ მთლიანად ვერ გადაჭრის პრობლემას, მაგრამ რა წვლილს შეიტანს ჩვენს ენერგომომარაგებაში?

– მათი გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი, ზამთრის თვეებში, როდესაც ხდება ელექტროენერგიის იმპორტი, მეზობელი ქვეყნებიდან, შეამცირებს იმპორტირებული საქონლის ხვედრით წილს და გაიზრდება ქვეყნის შიდაგენერაციის მოცულობა.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაისიდან საქართველომ ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით (წყალი გაჩნდა მდინარეებში) დავიწყეთ უკვე ენერგოენერგიის ექსპორტი, რომელ ქვეყნებში ვახორციელებთ ექსპორტს და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი?

– ასეთი პერიოდი საქართველოში მხოლოდ რამდენიმე თვეა. რიგ შემთხვევაში თვე-ნახევარი, ორი თვე. ამ ეტაპისთვის ხორციელდება ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში და სომხეთში. ჯამურად ეს გახლავთ 400 მეგავატი სიმძლავრე.

ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ჰიდრორესურსები, რაც გვაქვს საქართველოში.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ დაორგანიზდა ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში და წინსწრებით აღარ გახდა საჭირო ჰიდროენერგეტიკული ნაგებობებიდან წყლის დაღვრა და სრულად არის ათვისებული ის მოცულობა, რა მოცულობასაც ჩვენი ჰესები გამოიმუშავებენ.

– მინდა გკითხოთ სხვა უფრო მსხვილ ჰესებზე. ამასთან დაკავშირებით ვიცით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები… თუ აპირებს მთავრობა სტრატეგიის შეცვლას? არის საუბარი, რომ მთავრობამ შეიძლება თავის თავზე აიღოს მსხვილი ჰესების მშენებლობა. ამ მიმართულებით რა სიახლეები გვაქვს?

– ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის საჭირო, მე ვიტყოდი, აუცილებელი ღონისძიება, რომ აშენდეს მარეგულირებელი სადგურები, აშენდეს დიდი და პატარა სადგურებიც, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავხდეთ იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, თითოეულ პროექტში კონკრეტულად იქნება განსაზღვრული მთავრობის როლი და კონტრიბუცია ამა თუ იმ პროექტში. მაგრამ მთავარია ის, რომ მთავრობა ამისთვის მზადაა და გამოხატავს მზადყოფნას ააშენოს დიდი ჰესები. ამ შემთხვევაში რა პროპორციულობით იქნება წარმოდგენილი მთავრობა და კერძო სექტორი, ეს უკვე კონკრეტული პროექტის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოხდება.

აუცილებელია მთავრობის უფრო მეტი კონტრიბუცია ამა თუ იმ პროექტში. ეს ერთის მხრივ პლუსია და წინააღმდეგობებსაც შეამცირებს, რადგან მთავრობა იქნება პროექტებში ჩართული.

ყველა პროექტის მშენებლობა ხაზგასმულია და მთავრობის მხრიდან მოწონება პროექტის, რომ განხორციელდეს და შევიდეს დამატებითი სიმძლავრე ქსელში, ეს იმთავითვე ნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი და სახელმწიფოსთვის საჭიროა ამა თუ იმ სიმძლავრის ინტეგრირება, მაგრამ უფრო მეტი ხაზგასმისთვის და უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭებისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყოფნა ამა თუ იმ პროექტში აუცილებელია.

– წარმატებას ვუსურვებ ხუთივე პროექტს, რომელიც ჩვენ ენერგოგენერაციას დამატებით 150 მეგავატ სიმძლავრეს შესძენს.