LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბ “KHIDI”-ს საგამოფენო სივრცეში რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ გენოციდის თემაზე ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ გაიხსნა

21 მაისს 14:00 კლუბ “KHIDI”-ს საგამოფენო სივრცეში რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ გენოციდის თემაზე ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ გაიხსნა.

ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, „აფხაზთა კრების“ ხელმძღვანელმა მალხაზ პატარაიამ, „გამოფენის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს.

„ეს ამბავი მნიშვნელოვანია ერთდროულად რამდენიმე თვალსაზრისით – ერთი არის მორალური ვალი, ხსოვნა ამ მსხვერპლის, ჩვენი დევნილი საზოგადოების, რომელსაც არა მარტო ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ, ყველა ხელისუფლებამ არასათანადო ყურადღება მიაპყრო და ეს მნიშვნელოვანი მორალური ვალია. მეორე არის ის, რომ ბოროტება, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, ახლაც გვიქმნის საფრთხეს – ჩვენს თავისუფლებას, სიცოცხლეს, უკრაინას, თავისუფალ სამყაროს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით ძალიან მყარი და მკაფიო იყოს პოზიცია ამაზე – ყველა, ვინც ამ ბოროტებას ემსახურება, პირდაპირ თუ ირიბად, უნდა იყოს გარიყული.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა შეძლონ და გაარჩიონ სწორი და არასწორი.

„ჩემთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ წარსული კარგად გავიაზროთ – ყველა საზოგადოებაში საკუთარი წარსული საუბრობს და მე ძალიან შემრცხვა, როდესაც ამ ფაქტებში უფრო ღრმად ჩავიხედე. მეც კი, რომელსაც ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს ქართულ პოლიტიკაზე, ჩემთვისაც შემზარავი ფაქტები აღმოვაჩინე. როგორც ჩემმა შვილმა ნახა საფრანგეთში ჰოლოკოსტის საშინელებები, ფაშიზმის, ნაციზმის საშინელებები და ზუსტად ვიცი, რომ მას იმუნიტეტი აქვს მსგავსზე გამომუშავებული, ასე მინდა, რომ ქართველმა ბავშვებმაც ეს შეძლონ და ოკუპაციის მუზეუმში დაიდოს ქართველების გენოციდის მუდმივმოქმედმა ინტერაქტიულმა ექსპოზიციამ ბინა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ადამიანებმა შეძლონ, გაარჩიონ სწორი და არასწორი, კეთილი და ბოროტი, მტერი და მოყვარე. თუ არ ვიცით, მტერმა რა დაგვიშავა და არ ვგრძნობთ ამას, ბუნებრივია, ადეკვატური რეაქციაც ვერ გვექნება”. – განაცხადა „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„აფხაზთა კრების“ ხელმძღვანელმა მალხაზ პატარაიამ გამოფენის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

„სადაც არ უნდა დაადო თითი საქართველოს რუკას აფხაზეთში, ყველგან იყო ბუჩა, გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გალში სამწუხაროდ იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს არასწორი შეხედულებები ჰქონდათ აფხაზეთის პრობლემატიკისადმი, გენოციდის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ჩვენი აქციის მიზანია ხელახლა დღის წესრიგში დავაყენოთ ეს საკითხი იმისთვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომ დაბრუნდნენ დევნილები კუთვნილ სახლებში და რომ დამარცხდეს საკაცობრიო ურჩხული რუსეთი“ – განაცხადა „აფხაზთა კრების“ ხელმძღვანელმა მალხაზ პატარაიამ.