დღეს ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება Baltops-22 იწყება, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ.
ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ სამხედრო სწავლებაში შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.
„ბალტიის ზღვა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო გასასვლელი. როგორც მითხრეს, ბალტიის ზღვაში ყოველდღიურად 1 500-დან ორი ათასამდე კომერციული გემი გადაადგილდება. ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან და ისინი უზარმაზარ პოტენციალს მოიტანენ, თუ საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანდებიან. ასე რომ ეს არის ურთიერთთავსებადობის მასშტაბური წვრთნები. ეს ასევე აჩვენებს ერთგულებას საერთო საქმისადმი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი და იმ იდეისადმი, რომ დიდ ქვეყნებს არ შეუძლიათ პატარა ქვეყნებში შეჭრა შედეგების გარეშე“, – განაცხადა მარკ მილიმ.
