24 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი საბა კემულარია მეუღლესთან, კესო გაფრინდაშვილთან ერთად ესტუმრა. გადაცემაში საბას ახალი სიმღერის „დარჩი ჩემთან“ პრემიერა შედგა. გადაცემის მსვლელობისას სტუმრებმა ცოცხლად შეასრულეს სიმღერა „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“.
როდის და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
საბა: უკვე 3 წელია, რაც ერთად ვართ. ყველაფერი ძალიან კარგად, ძალიან საყვარლად დაიწყო და ძალიან გემრიელად გაგრძელდა.
კესო: ერთმანეთი „ფეისბუქის“ საშუალებით გავიცანით. საბამ მომწერა და იმ დღესვე შევხვდით ერთმანეთს. იმის მერე სულ ერთად ვართ.

საბა, უბრალოდ სოციალურ ქსელში ნახე კესო, მოგეწონა და ამიტომ მისწერე თუ იცოდი, ვისაც წერდი?
საბა: კესოს ოჯახს ვიცნობდი და მასზეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა, ამიტომ თამამად მივწერე. ძალიან უცებ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა
კესო, პირველ რიგში რამ იმოქმედა შენზე, რით მოგხიბლა საბამ?
კესო: ვაკვირდებოდი „მხოლოდ ქართულის“ დროს და ვგულშემატკივრობდი. ყველაფერმა ერთად იმოქმედა, ვიზუალმა, სიმღერამ.
როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
კესო: ძალიან უშუალო შეხვედრა გვქონდა, დიდი ხნის ნაცნობებივით შევხვდით ერთმანეთს.

მალევე გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
საბა: კი, 2-3 წინადადება და ჩვენს შორის ყველანაირი ბარიერი დაიმსხვრა, ისე ვიყავით თითქოს ძალიან დიდხანს ვიცნობდით ერთმანეთს. ძალიან მალე, 4-5 თვეში შევქმენით ოჯახი.
ერთობლივი, ოჯახური დუეტის ჩაწერას თუ გეგმავთ?
საბა: კი, ვფიქრობთ ამაზე და სიმღერაც ასე თუ ისე დამუშავებული გვაქვს.
საბა, აუცილებლად უნდა გკითხო „ალილოს“ გეგმებზეც. თუ გაქვთ რაიმე ახალი ნამუშევარი და საზაფხულოდ თუ გეგმავთ კონცერტებს?
საბა: მთელი ზაფხულის განმავლობაში გვექნება კონცერტები რაიონებში. თბილისშიც რამდენიმე კონცერტი უკვე დაგეგმილი გვაქვს. ვგეგმავთ ამერიკაში წასვლასაც. რაც შეეხება ახალ ნამუშევარს, კეთდება პოპური, რომელშიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერები იქნება გაერთიანებული და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვა.

საბა, დღეს გვაქვს სიმღერის „დარჩი ჩემთან“ პრემიერა. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?
საბა: ეს სიმღერა ჩემმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა, თამუნა თალაკვაძემ მირჩია. საუბრისას ვუთხარი, რომ ახალი სიმღერის გაკეთება მინდოდა და ვკითხე, რას ფიქრობდა, რა სიმღერას მირჩევდა. შემდეგ მივედი რომა გიორგაძესთან, რომელმაც წარმოუდგენლად საოცარი ვერსია, საოცარი არანჟირება გააკეთა. ძალიან მადლიერი ვარ მისი, რადგან მთელი სული და გული ჩადო ამ სიმღერაში. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ეს ინოლა გურგულიას საოცარი სიმღერა და ტექსტია, რომელიც ძალიან შეეხო ჩემს გულს და სულს. ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს ეძღვნება.
საბა კემულარია – დარჩი ჩემთან
გადაცემის აუდიოჩანაწერი
საბა კემულარია & კესო გაფრინდაშვილი – მინდვრად დაგიჭერ პეპელას. Live
საბა კემულარია და კესო გაფრინდაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები






