LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სცენა, სადაც წარმოდგენას გავმართავთ ტბაზეა მოწყობილი და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი” – ოთარ ჯორჯიკია ,,ბრეგენცის მუსიკალური ფესტივალის” შესახებ

გადაცემის ლაივი LIVE

28 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ოპერის მომღერალი ოთარ ჯორჯიკია სტუმრობდა, რომელმაც ,,ბრეგენცის მუსიკალურ ფესტივალზე” ისაუბრა.

– ოთარ, რას შესთავაზებთ პუბლიკას ბრეგენცის ფესტივალზე?

– ფესტივალზე ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაის“ წარვადგენთ, რომელიც ახალი დადგმაა და ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. რეჟისორის ჩანაფიქრს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან სანახაობრივი სპექტაკლი გამოვა, მით უფრო, რომ სცენა, სადაც წარმოდგენას გავმართავთ ტბაზეა მოწყობილი და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც მეტად საინტერესო იდეების განხორციელების საშუალებას იძლევა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ბრეგენცის ფესტივალი საკმაოდ რთული და მძიმე ღონისძიებაა, ამიტომ დადგმას სამი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ნებისმიერ ამინდში, თუმცა შესაბამისი ეკიპირებით უწევს სცენაზე გამოსვლა. პირველად ვარ ფესტივალზე, ძალიან მომწონს აქაური გარემო და წყალზე მოწყობილი მუსიკალური კომპლექსი თავისი სცენებითა და გადასასვლელი ხიდებით.

– რამდენად კომფორტულია ასეთ გარემოში მუშაობა?

– ძალიან სასიამოვნოა, რადგან კომფორტულ გარემოს პირველ რიგში კოლეგები, არაჩვეულებრივი მუსიკოსები ქმნიან. მართალია, დადგმაში უარყოფით პერსონაჟს ვასახიერებ, რომელიც მაყურებლის გაკიცხვასაც ხშირად იმსახურებს, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვასრულებ, რადგან პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო როლია.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სექტემბრის თვეში თბილისის ოპერის თეატრთან ერთად დუბაიში გავემგზავრები, სადაც სამეფო თეატრში დავდგამთ ჯუზეპე ვერდის „ტრავიატას“.