მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე 90-იან წლებში შექმნილ ჰიტს აცოცხლებს. ამ გადაწყვეტილებას მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა.
“90′-იანებში” ბევრი მუსიკოსი წავიდა საქართველოდან… მათ შორის მეც. 1993 წელს ჰოლანდიაში წავედი და იქ ვცხოვრობდი… რაც მქონდა (მუსიკალური აპარატურა) გავყიდე და ოჯახს დავუტოვე რომ თავი ერჩინათ. იმ გაუბედურებულ, ცოფმორეულ, დაუნდობელ, მშიერ, უსახსრო და დაუცველ დროს იმდენი სტრესი გადავიტანე, რომ ერთი სიმღერა კი არა ერთი წიგნი რომ დამეწერა არ ეყოფოდა… მაგრამ რაღაც ძალამ დამაწერინა სიმღერა, რომელსაც შემდეგ “ABSOLUTELY LIFELESS” დავარქვი… ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს – აბსოლუტურად უსიცოცხლოდ!!!… 90′-ანებში ქვეყანაში რაც ხდებოდა ყველას გვახსოვს და ეს სიმღერა ზუსტად გამოხატავდა ჩემს იმჟამინდელ ემოციურად დამანგრეველ მდგომარეობას… ომი, სიძულვილი, სისხლისღვრა…
1993 წლის ნოემბერი იყო… “ABSOLUTELY LIFELESS” მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში ჩავწერე წასვლის წინა დღეს, რაშიც ჩემი მეგობრები – ოთარ ყუფუნია და ხმის რეჟისორი გენა მამედოვი დამეხმარნენ… გენამ შუქის წასვლამდე მოასწრო და ჰოლანდიაში წასაღებად “ბაბыშკაზე” და კასეტაზე გადამიწერა სიმღერის დამასტერებული ვერსია (დღემდე მისი მადლობელი ვარ). საღამოს რა თქმა უნდა შუქი წავიდა და სტუდიიდან უკუნეთ სიბნელეში დავბრუნდი სახლში… ჩანაწერის ასლი ჩემს ეკას დავუტოვე, რათა მეორე დღეს (როცა შუქი მოვიდოდა) მოესმინა სიმღერა და თავისი შეგრძნებები გაეზიარებინა ჩემთვის… ღამით მძინარე ნინოს და სანდროს ჩუმად ვაკოცე და გავფრინდი ჰოლანდიაში…
მას მერე 29 წელი გავიდა!!!!!
სიმღერის ამ ძველ ჩანაწერს ახლა რომ ვუსმენ რა თქმა უნდა ისე აღარ მომწონს როგორც მაშინ, რადგან 1993 წლის შემდეგ გავიზარდე როგორც მუსიკოსი და დღეს ბევრად მეტის გაკეთება ვიცი და შემიძლია… მაგრამ როგორც იტყვიან – ძველ ჩანაწერს მაინც სხვა “დუხი” აქვს და 93-ში ჩაწერილი ვერსია ძალიან ღია, ტკივილით სავსე და გულწრფელია…
გუშინ “სკივრიდან ამოვიღე” “ABSOLUTELY LIFELESS”-ს მთლიანი პროექტი, ახლა ვზივარ და ვაცოცხლებ მას, ვაცოცხლებ ახალი ჟღერადობით, ტალღებით და ხედვით, რომელსაც არ ვიცი რამდენად მალე, მაგრამ აუცილებლად მოგასმენინებთ როდესაც დავასრულებ”, – წერს ბიბი კვაჭაძე.
