უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით ბრძანებულებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „Populus Rei-ს“ დამფუძნებელი და საქართველოში მოქმედი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ გამგეობის წევრი ლანა ღვინჯილია, პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „Populus Rei“-ს დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა
ლანა ღვინჯილია პრეზიდენტის ბიბლიოთეკის განვითარების დირექტორიცაა, კითხულობს ლექციებს.
„ფორტუნასთან “ საუბარში ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება მისთვის მოულოდნელობა იყო.
„პირადად არ ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენსკის. ჯერ ჯილდო არ გადმოუციათ, უბრალოდ ბრძანება გამოიცა. ჯილდოს გადმოცემა ალბათ ინდივიდუალურად დაიგეგმება. უკრაინაში ბევრი ვერ ჩავა და შესაბამისად ან გამოაგზავნიან, ან უკრაინაში ვინც ჩავა, მათ გადასცემენ. ამის განხილვა ჯერ არ ყოფილა“. – თქვა „ფორტუნასთან“ ლანა ღვინჯილია და დასძინა.
„ჯილდო მოულოდნელი იყო. დილით რომ დამირეკეს საელჩოდან, ბევრი მადლობა გადავუხადე, მაგრამ არ მეგონა, თუ ეს ამბავი ასე გახმაურდებოდა. მამიდაჩემის გარდა, საერთოდ არავისთვის მითქვამს. თურმე ზელენსკის ბრძანებაში ყველას გვარი ერთად ეწერა. რომ გამოქვეყნდა, დამირეკეს და მითხრეს, არ ვიცოდი, რა სიაში მოვხვდი…
ალბათ დემნას დაჯილდოებას რომ ელოდებოდნენ ჟურნალისტები, ამიტომ მოძებნეს ბრძანებულება, თორემ ვერავინ გაიგებდა ჩემ ამბავს. სიამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“. – ამბობს ლანა ღვინჯილია.
უკრაინასთან ურთიერთობაზე საუბრისას ლანა ღვინჯილია ამბობს:
„უკრაინასთან მიმართებით ჩვენ აქტიურები ვიყავით 2014 წლიდან, მაიდანის მოვლენების დროს. ძალიან ბევრი აქცია ჩავატარეთ წლების განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერად. როდესაც რუსეთის ჯარი შევიდა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენი ჩართულობა, უფრო თბილისში აქტიურობით შემოიფარგლებოდა. გვქონდა ორი საკმაოდ წარმატებული აქცია, რომელიც CNN-მა გააშუქა.
არავინ ელოდა, რომ ომი დაიწყებოდა.. მაგრამ რომ დაიწყო, აქტიურად ჩავერთეთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები წავიდნენ ომში.
ვეხმარებოდით და ეს არ იყო მხოლოდ სურსათით დახმარება. რესურსები ვიპოვეთ და მოხალისეებს პირველ ეტაპზე შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ. ბევრ რამეში დღესაც ვეხმარები. ალბათ უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი რამ არც უნდა მოვყვე…
ლანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩასვლის ამბავს იხსენებს:
„ბევრი ალბათ ფიქრობს, რომ ლტოლვილებისთვის დახმარების მოგროვება ჩვეულებრივი ამბავია, ზოგიც მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება რთულია, როცა ომია, ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს.. კიევშიც ვიყავი აპრილში ჩასული, რაღაც აღჭურვილობა ჩავიტანე და რესურსები მოვაგროვე. ახლაც ხშირად მირეკავს საელჩო. იციან, რომ დღე და ღამე რომ დამჭირდეს, მაინც ვიპოვი ინფორმაციას და თუ საჭირო იქნება, წავალ უკრაინაში..
შვილები დიდები არიან და არ გაჰკვირვებიათ, დედა რომ უკრაინაში წავიდა. იციან, რომ 1992-შიც ვიყავი ომში, 2008-შიც ჩართული ვიყავი და არც ის გაუკვირდებათ, თუ მომავალში კვლავ წავალ,“ – ამბობს ლანა „ფორტუნასთან“.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით, დიზაინერი დემნა გვასალია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Populus Rei-ს“ დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია უკრაინის სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ.
როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, დემნა გვასალია – დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ღირსების III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
დოკუმენტით ასევე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკოსს, აქტივისტსა თუ ხელოვანს სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
