LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში დაამონტაჟებენ „ჭკვიან“ საგზაო ნიშნებს, რათა ველოსიპედისტთა უსაფრთხოება გაზარდონ

კატალონიაში ავტომობილებისთვის „ჭკვიან“ საგზაო ნიშნებს დაამონტაჟებენ. ეს ნიშნები, გზაზე ველოსიპედისტის გამოჩენისას, სიჩქარის ლიმიტს ავტომატურად შეამცირებენ. ამ გზით ესპანურ რეგიონში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება სურთ, რადგან როგორც წესი, ველოსიპედისტები ავარიებში ყველაზე მეტად ზარალდებიან ხოლმე.

„ჭკვიან“ ნიშნებს კატალონიის ქალაქების ყველაზე პოპულარულ გზებზე დადგამენ და მათ ელექტრონული ტაბლოს ვიზუალი ექნებათ.

ჯერ-ჯერობით სისტემა სატესტო რეჟიმში იმუშავებს და თუკი საგზაო შემთხვევების რაოდენობა მართლაც შემცირდება, მას სამუდამოდ დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0-მდე უნდა შემცირდეს. ამისთვის ევროპა მრავალრიცხოვანი პროგრამების განხორციელებას გეგმავს.