ქართული ღვინის სტარტაპი „თორელი ვაინერი“ მალე ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ჯავახიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, მოლაპარაკებები გერმანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
„ოქტომბერში ექსპორტზე გაგვაქვს ნიდერლანდებში, ასევე, გერმანულ ბაზარზე ვაპირებთ ონლაინ ვაჭრობას. საქართველოს ბაზარზე უკვე რამდენიმე რესტორანში შეგვაქვს პროდუქტი. ჩვენი ღვინო გაიგზავნება და დასაწყობდება ნიდერლანდებში, ასევე ამას მიებმება ონლაინ ვაჭრობა, მათ შორის ჰოლანდიურ ონლაინ გვერდზეც განთავსდება. ასევე, რამდენიმე ადგილობრივი რესტორანიც დაინტერესებულია ჩვენი ღვინით“, – ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

ნიკა ჯავახიშვილმა ოჯახთან ერთად ღვინის ბიზნესი საგურამოში, საკუთარ ეზოში მარნის აშენებით დაიწყო. ნატურალური ღვინო ქართულ ბაზარზე უკვე იყიდება და „თორელი ვაინერის“ დაგემოვნება რამდენიმე ქართულ რესტორანშიც არის შესაძლებელი. სტარტაპი თბილისში დაგეგმილ ღვინის ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას. ნიკა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სამომავლოდ, საგურამოში არსებული სივრცე ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა და იქ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ვიზიტორებს უმასპინძლებენ.
„ყურძენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ვყიდულობთ – იმერეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ქვევრის ღვინოს ვაყენებთ. გვაქვს სადეგუსტაციო ზონაც. რამდენიმე თვეში ვგეგმავთ, რომ სივრცეში ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ“, – აცხადებს ნიკა ჯავახიშვილი.

