საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარს ამბობს საკვების მიღებაზე და პრაქტიკულად, სულ წევს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედის“ კლინიკასთან განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ მძიმე მდგომარეობაა.
„საკვებს ვერ იღებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კატეგორიულად უარს ამბობს. ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის კომპენსაცია, გადასხმით ან რაღაცით. მამშვიდებს, წყნარად იყავი, ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგად, არ ვიცი, რადგან ვხედავ, რომ ყველაფერი ცუდად არის. პრაქტიკულად სულ წევს, ასეთ მდგომარეობაში ადრე არ ყოფილა. ეს რამდენიმე დღეა სულ წევს. არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა. ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ არის მძიმე მდგომარეობა, ეს ეხება ხერხემალს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს. მისივე სიტყვებით, “ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას”. რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობას არ უწევენ, კახა კალაძის თქმით, “ეს არ არის მართალი, ტყუილია”.
