„სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ სრულად უნდა გააკონტროლოს ის, რაც საზღვარზე ხდება.
ასევე არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც გახლავთ რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია. გამოწვევა, რომელიც გახლავთ გარკვეული შესაძლებლობა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები.
არის ასევე ძალიან დიდი გამოწვევები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო და ეს არის მხოლოდ უკრაინის ხელში. ცხადია, ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე, ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
