LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა – საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა.

მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი გადადგა.

კოსტას კარამანლისმა თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე.

„ჩვენ აბსოლუტური სიმძიმით, აბსოლუტური გამჭვირვალობით გამოვიძიებთ ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს. რასაც ახლა ვიტყვით, ნაადრევი იქნება და ამით უსამართლოდ მოვიქცევით დაღუპულების მიმართ.

ვისურვებდი, რომ ყველანი მშვიდად ვიყოთ […] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვიკვლიოთ მიზეზი და არაფერი დავტოვოთ იატაკქვეშ.“ – თქვა მინისტრმა გადადგომამდე.

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარია ადამიანური შეცდომის ბრალი იყო.

საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს გუშინ, 1 მარტს შეეჯახა. ტრაგედიის დროს სამგზავრო მატარებელში 342 მგზავრი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია.