LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიყვანეთ, აბა, სპეცრაზმი! ვის ეშინია თქვენი? ახალგაზრდებს ვერ შეაშინებთ… არ გვეშინია თქვენი ხელკეტების, გაზის გაშვების, რეზინის ტყვიების – ინგა გრიგოლია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება. შეკრებილ მოქალაქეებს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც მიმართა.

მისი განცხადებით, „ხელისუფლება იმიტომ აკანონებს რუსულ კანონს, რომ თავისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს და მათი კომფორტი არ დაირღვეს“.

გრიგოლიას თქმით, „ჩალის ფასი აქვს ჟურნალისტის პროფესიას, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება“.

„დღეს აქ ყველაზე მაგარი ხალხია გამოსული და ამ ხალხის გვერდით ვარ მეც, როგორც ერთი მოქალაქე და ერთი ადამიანი. გუშინ ჩემთვის ტელევიზიიდან იმის ყურება, თუ როგორ დაგიპირისპირათ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წამება იყო. ეს იყო ტანჯვა. მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ იმწუთას ტელევიზიაში ყოფნა არ მინდოდა. აქ მინდოდა ყოფნა. მაწყნარებდა ის, რომ ჩემი შვილი და მისი მეგობრები აქციაზე იდგნენ.

ხელისუფლებას მინდა მივმართო – გამოიყვანეთ, აბა, სპეცრაზმი! ვის ეშინია თქვენი? აბა, ვის გვაშინებთ? ამ ახალგაზრდებს ვერ შეაშინებთ. აქ მათი მშობლებიც ვდგავართ და არ გვეშინია თქვენი ხელკეტების, გაზის გაშვების, რეზინის ტყვიების.

52 წლის ვარ და ჩემმა ცხოვრებამ და პროფესიამ მასწავლა, რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა. ჩვენს თავისუფლებას გაუმარჯოს! პუტინის გზაზე ვერ შეგვაყენებენ.

ახლა ვინც ტელევიზორებთან ზის და გვაქილიკებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ ატყუებენ, პუტინის კანონს იღებენ. იმიტომ აკანონებენ რუსულ კანონს, რომ თავისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს და მათი კომფორტი არ დაირღვეს. ჩალის ფასი აქვს ჟურნალისტის პროფესიას, თუ ის ყველაზე მთავარს, თავისუფლებას არ ემსახურება“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი