პირველ აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს დავით საყვარელიძე სტუმრობდა, რომელმაც ,,წინანდლის ფესტივალზე” ისაუბრა.
მართალია, ფესტივალის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ჩვენ უკვე ვღელავთ. ორკესტრის პირველ ჯგუფს – პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს წელს 8 ქვეყნის წარმომადგენლები შეუერთდებიან, რომლებიც 11 აგვისტოდან დაიწყებენ რეპეტიციებს. სპეციალურად მათთვის ჩამოვა 14 კონცერტმაისტერი სხვადასხვა ორკესტრიდან, რომლებიც ჯგუფურ მუშაობას გაუძღვებიან და ფესტივალის სრულ რეპერტუარს მოამზადებენ.
სხვათა შორის, რეპეტიციები უფასო იქნება და ნებისმიერ მსურველს ექნება დასწრების საშუალება.
24 აგვისტოს ფესტივალის ხელმძღვანელი გვეწვევა, ფესტივალის მეხუთე – საიუბილეო წელი კი, 31 აგვისტოს გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. უამრავი ვარსკვლავი გვესტუმრება, ამიტომ ყოველდღიურად 3-5 კონცერტს გავმართავთ.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აღვნიშნავთ საიუბილეო წელს, ამიტომ სტუმრებიც უმაღლესი რანგის გვეყოლება – მუსიკოსებით დაწყებული, ჟურნალისტებით და პოლიტიკოსებით დასრულებული.
სუპერვარსკვლავებს შორის დავიდ გარეტს, მევიოლინეს აუგუსტინ ჰადელიხს, დირიჟორს მანფრედ ჰონეკის და ნობუიუკი ცუჯის – უსინათლო იაპონელ პიანისტს გამოვყოფდი, რომელიც პირველ სექტემბერს წარდგება პუბლიკის წინაშე.
საინტერესო დღე გველის 2 სექტემბერსაც, რომელიც ლექსო თორაძეს მიეძღვნება და ყოველ ორ საათში ახალგაზრდა მუსიკოსების გამოსვლები მოეწყობა. ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, რომელიც სწორედ დავიდ გარეტის ახალ ნაწარმოებს შეასრულებს და ლიზა ბათიაშვილის ფონდში გაერთიანებული ახალგაზრდა ვარსკვლავები.
ამასთანავე, მოეწყობა საღამოები ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით, რომლებიც არა კლასიკურ, არამედ საესტრადო და ჯაზ-მუსიკას შესთავაზებენ მელომანებს. ერთი სიტყვით უამრავი საინტერესო ღონისძიება მოეწყობა ფესტივალის ფარგლებში – კონცერტებით დაწყებული, გამოფენებით დასრულებული.
