მარნეულში ეთნოტურიზმის განვითარება იწყება. როგორც ”ფორტუნას” მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განუცხადა, იდეა საინტერესოა და უნიკალური.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი მულტიკულტურულია, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ განსხვავებული მრწამსის, კულტურისა და აღმსარებლობის ადამიანები. სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, რეგიონში ეთნოტურიზმის განვითარება საინტერესო იქნება.
”მარნეული ბევრისთვის მხოლოდ აგრარული მუნიციპალიტეტია. თუმცა, ის მულტიეთნიკური რაიონია. აქ ცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის და ეროვნების ადამიანები: აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები, ბერძნები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. გარდა კულტურული ძეგლებისა და აგროტურიზმისა, რაც შეიძლება განვითარდეს მარნეულში, ეს ინიციატივა საკმაოდ განსხვავებულია,” – განუცხადა ”ფორტუნას” თოფჩიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეთნოტურიზმით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ერთი დღე გაატაროს ქართულ ოჯახში, გაეცნოს მათ კულტურას და ტრადიციებს, მეორე და მესამე დღე კი აზერბაიჯანულ ან სომხურ ოჯახში.
”აქ არის კულტურების კვეთა, სადაც განსხვავებული ეროვნების ადამიანები მეგობრულად ცხოვრობენ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რაც ხდება მსოფლიოში – დაძაბულია რელიგიური კუთხით ვითარება, მარნეული წარმოადგენს ისეთ პატარა მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თანაცხოვრების მაგალითს იძლევიან. რაც შეეხება ოჯახებს, მთავარია, პირველი ტურისტი გამოჩნდეს და როგორც კი პირველივე ოჯახს შემოსავალი ექნება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დაიწყებს საკუთარი ბინების კეთილმოწყობას ტურისტების მისაღებად,” – აღნიშნა თოფჩიშვილმა.
მისივე თქმით, საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც გამგეობასთან ჩამოყალიბდება და დაინტერესებულ პირებს კოორდინაციას გაუწევს.
გარდა ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღირიცხა კულტურული ძეგლები და მოხდება მათი პასპორტიზაცია. მერაბ თოფჩიშვილის თქმით, ასეთი ძეგლი 110-ია, რომელთა უმრავლესობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა.
”ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის სოფელ შულავერის გადარჩენილი გორა, სადაც ნაპოვნია უძველესი ქვევრი, რომელიც ჩვ. წ. აღ. მე-6 საუკუნით თარიღდება. ასევე ნაპოვნია ღვინის სხვა ჭურჭელიც, რომელიც აღიარებულია, რომ მსოფლიოში ყველაზე უძველესია და ჯერჯერობით, ანალოგი არ აქვს. ვმუშაობთ მეცნიერებთან და კულტურის სამინისტროსთან, რათა დავიწყოთ ამ ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა. ჩვენი სურვილია, რომ ღვინის გზა დაიწყოს ან დამთავრდეს ჩვენთან. ეს იქნება ძალიან კარგი ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის.” – აღნიშნა მერაბ თოფჩიშვილმა.
