LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული „ბიტლომანიის“ ეპიცენტრში – უახლესი კადრები ,,ბითლზის” წევრების ბიოპიკების გადასაღები მოედნიდან

ლივერპული კვლავ „ბიტლომანიის“ ეპიცენტრშია. ქალაქის ქუჩებში ,,ოსკაროსანი” რეჟისორის, სემ მენდესის მომავალი მასშტაბური და ამბიციური კინოპროექტის, The Beatles – A Four-Film Cinematic Event გადაღებები აქტიურ ფაზაში შევიდა. გადაღებები ლივერპულის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ჯონ ლენონის ძველ სახლთან და ქალაქის ისტორიულ უბნებში მიმდინარეობს, სადაც გარემო სპეციალური რეტრო ავტომობილებითა და დეკორაციებით 1960-იანი წლების სტილშია მოწყობილი. 

გადასაღები მოედნიდან ახლახან გავრცელებულმა უახლესმა კადრებმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ლეგენდარული ოთხეულის როლების შემსრულებელმა მსახიობებმა ლივერპულის მერიის ისტორიულ აივანზე სრული სიზუსტით გააცოცხლეს ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და საკულტო მომენტი.

კადრები ცხადყოფს, რომ „ოთხფილმიან კინომოვლენაში“ ნაჩვენები იქნება 1964 წლის 10 ივლისი, The Beatles-ის ტრიუმფალური დაბრუნება მშობლიურ ლივერპულში, როდესაც ბენდი ამერიკული ტურნედან ჩამოვიდა ფილმის, A Hard Day’s Night პრემიერაზე დასასწრებად. მაშინ მუსიკოსებს ქუჩებში ასობით ათასი გულშემატკივარი შეეგება. 

View this post on Instagram

A post shared by Just Jared (@justjared)

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი, სემ მენდესი ,,ბითლზის” შესახებ ოთხ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის ისტორია სხვადასხვა პერსპექტივიდან იქნება ნაჩვენები. ბიოპიკებში პოლ მაკარტნის როლს პოლ მესკალი ასრულებს, ჯონ ლენონისას – ჰარის დიკინსონი, რინგო სტარისას – ბარი კიოგანი, ხოლო ჯორჯ ჰარისონისას – ჯოზეფ ქუინი.

ეს ამბიციური და კინოისტორიაში უპრეცედენტო ოთხნაწილიანი პროექტი ეკრანებზე ერთდროულად, 2028 წლის აპრილში გამოვა. 

,,ბითლზის” წევრების ბიოპიკების გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა – მსახიობებმა საკულტო ალბომის – Abbey Road გარეკანი გააცოცხლეს