ლივერპული კვლავ „ბიტლომანიის“ ეპიცენტრშია. ქალაქის ქუჩებში ,,ოსკაროსანი” რეჟისორის, სემ მენდესის მომავალი მასშტაბური და ამბიციური კინოპროექტის, The Beatles – A Four-Film Cinematic Event გადაღებები აქტიურ ფაზაში შევიდა. გადაღებები ლივერპულის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ჯონ ლენონის ძველ სახლთან და ქალაქის ისტორიულ უბნებში მიმდინარეობს, სადაც გარემო სპეციალური რეტრო ავტომობილებითა და დეკორაციებით 1960-იანი წლების სტილშია მოწყობილი.
გადასაღები მოედნიდან ახლახან გავრცელებულმა უახლესმა კადრებმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ლეგენდარული ოთხეულის როლების შემსრულებელმა მსახიობებმა ლივერპულის მერიის ისტორიულ აივანზე სრული სიზუსტით გააცოცხლეს ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და საკულტო მომენტი.
კადრები ცხადყოფს, რომ „ოთხფილმიან კინომოვლენაში“ ნაჩვენები იქნება 1964 წლის 10 ივლისი, The Beatles-ის ტრიუმფალური დაბრუნება მშობლიურ ლივერპულში, როდესაც ბენდი ამერიკული ტურნედან ჩამოვიდა ფილმის, A Hard Day’s Night პრემიერაზე დასასწრებად. მაშინ მუსიკოსებს ქუჩებში ასობით ათასი გულშემატკივარი შეეგება.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორი, სემ მენდესი ,,ბითლზის” შესახებ ოთხ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის ისტორია სხვადასხვა პერსპექტივიდან იქნება ნაჩვენები. ბიოპიკებში პოლ მაკარტნის როლს პოლ მესკალი ასრულებს, ჯონ ლენონისას – ჰარის დიკინსონი, რინგო სტარისას – ბარი კიოგანი, ხოლო ჯორჯ ჰარისონისას – ჯოზეფ ქუინი.
ეს ამბიციური და კინოისტორიაში უპრეცედენტო ოთხნაწილიანი პროექტი ეკრანებზე ერთდროულად, 2028 წლის აპრილში გამოვა.