LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 7 სტაციონარში რჩება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 4 დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი სტაციონარში რჩება.

სოფიო ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი.

ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება.

ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვება“,- აღნიშნა სოფიო ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 7 საჯარო ბაღში, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას“ – თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის, თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.