აზერბაიჯანის მთავრობის მიწვევით ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბაქო, ყარაბაღი, ხანკენდი, შუშა და განჯა დაათვალიერეს, ასევე შეხვდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების, ანალიტიკური ცენტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს შორის ერთმანეთის უკეთ გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იყო.
შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის, როგორც არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების, არამედ სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობებზე. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური და ჰუმანიტარული ინიციატივების განვითარების მნიშვნელობაზე.
ვიზიტის შემდეგ, 7 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა აზერბაიჯანში ორგანიზებულ საინფორმაციო ტურში მონაწილე ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა.
შეხვედრისას ელჩმა ისაუბრა ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
ვესაუბრებით პოლიტოლოგ, ნიკა ჩიტაძეს, რომელიც ამ ტურის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მეც (ჟურნალისტი) ვიყავი ამ ტურის ერთ-ერთი მონაწილე. ჩემთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო იყო. შესაძლებლობა გვქონდა, თავად გვენახა ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია.
ბაქოდან ყარაბაღამდე, შუშა, აღდამში და ხანკენდიში ვიზიტმა შესაძლებლობა მოგვცა, გაცილებით ფართო სურათი დაგვენახა. ვიზიტის ფარგლებში შეხვდით აზერბაიჯანის ხელისუფლების, ანალიტიკური ცენტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. თქვენთვის, როგორც პოლიტოლოგისთვის, რა იყო ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გზავნილი?
მთავარი იყო, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს გვენახა, თუ როგორ ვითარდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო – აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან, ასევე სოკარის ხელმძღვანელობასთან – ძალიან საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინეთ. მათ შორის, თემაზე, თუ როგორ ვითარდება თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში და რა პერსპექტივები არსებობს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხასიათის, რომ ეს ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდეს.

ყარაბაღში ყოფნისას განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, რამდენად მასშტაბურ და რთულ გამოწვევასთან არის დაკავშირებული ტერიტორიის აღდგენა და განვითარება. ჩვენ განაღმვით სამუშაოებსაც დავესწარით და ადგილზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული პროცესია ტერიტორიის უსაფრთხოებისა და შემდგომი განვითარებისთვის მომზადება. თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან შთამბეჭდავი იყო ისიც, თუ რამდენი რამ გაკეთდა შედარებით მოკლე დროში – აშენდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა ახალი საცხოვრებელი და სოციალური გარემო. მოუყევით მსმენელს/მკითხველს ყარაბაღზე, აღდამზე, ხანკენდიზე..
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ყარაბაღში. საინტერესო იყო, გვენახა, ერთის მხრივ, რა ვითარებაა პოსტ-კონფლიქტურ ზონაში, მეორეს მხრივ, რა სახის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, იგულისხმება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და არა მარტო. შესაბამისად, როგორ ხდება ყარაბაღის რეინტეგრაცია ერთიანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში.
ამიტომაც ძალიან საინტერესო იყო, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის, კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული მსგავსება აფხაზეთის, სამაჩაბლოს კონფლიქტებს შორის, თუმცა არსებობს დიდი განსხვავებაც.
ძალიან საინტერესო იყო ყარაბაღი, იმიტომ რომ ამ საკითხს შევისწავლიდით წლების განმავლობაში, დაწყებული პირველი ყარაბაღის ომიდან, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. ჩვენ, ქართული საზოგადოება, გულგრილი ვერანაირად ვერ ვიქნებოდით იმ პროცესების მიმართ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს და ვერ ვიქნებოდით გულგრილი იმ ომის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
ამიტომ, როგორც იტყვიან, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწია – თქვენ, როგორც მასმედიის, მე, როგორც პოლიტოლოგს, ამ საკითხის შესწავლა წლების განმავლობაში, საინტერესოა, როცა უშუალოდ აკვირდები პროცესებს, მათ შორის, ეცნობი სხვადასხვა ფაქტებს, როგორ მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაციები და, როგორც აღვნიშნე, როგორი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
და, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ასევე განჯას ნახვა – აზერბაიჯანის მეორე ქალაქი, როგორ ვითარდება, რომელიც ასევე იყო კონფლიქტის მსხვერპლი, იმიტომ რომ რამდენიმე ჭურვი განჯას მიმართულებითაც იყო გაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ განჯა ყარაბაღის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.
ასევე ძალიან საინტერესო იყო თუნდაც სხვადასხვა ტურისტული ადგილების მონახულება. იგივე ვულკანური პროცესები, რომელიც ქობუსტანში მიმდინარეობს. ასევე ისტორიული თუ არქეოლოგიური ძეგლები.
ეს 6 დღე იყო ძალიან ნაყოფიერი ჩვენთვის.

საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ სტრატეგიული პარტნიორები არიან. თქვენი შეფასებით, რა არის დღეს ამ პარტნიორობის ყველაზე ძლიერი საფუძველი?
ყველაზე ძლიერი საფუძველი, ალბათ, პირველ რიგში არის საუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც არსებობდა და არსებობს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის. აქ არ არის საქმე იმაში, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს და მეზობლები ვართ. ჩვენ სხვა მეზობლებიც გვყავს, ვგულისხმობ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, რა ურთიერთობაც გვაქვს მათთან, კარგად მოგეხსენებათ.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა არის საფუძველი იმ თანამშრომლობის, რომელიც ვითარდებოდა 1918-1920-იან წლებში, როდესაც აზერბაიჯანი და საქართველოც იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შემდგომ განსაკუთრებით განვითარდა უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში.
აქ იგულისხმება თუნდაც ის ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ვითარდება. 1994 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა კონტრაქტს მსოფლიოს წამყვან 20 ნავთობკომპანიასთან ნავთობის ათვისებისა და შემდგომ მისი ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ.
აზერბაიჯანმა მაქსიმუმი გააკეთა გასულ საუკუნეში, რომ ნავთობსადენი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი – გატარებულიყო სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე. მილსადენები კვეთს ამჟამად საქართველოს ტერიტორიას. შესაბამისად, აქ ნათლად ჩანს თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. აზერბაიჯანი გახლავთ ნავთობისა და გაზის მთავარი მომპოვებელი და ექსპორტიორი, საქართველო კი – სატრანზიტო ქვეყანა.
ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა ვითარდება. პერსპექტივაში არის, სრულყოფილად ამოქმედდეს ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა.
ასევე, აქ არის საუბარი კაბელზე. ფიზიკურად არსებობს, თუმცა მისი სრული დატვირთვა არის აუცილებელი. მეორე მხრივ, დღის წესრიგში დგას ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის საკითხი, შავი ზღვის ფსკერზე, როდესაც აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოს ტერიტორიის გავლით განახორციელებს შავი ზღვის ფსკერზე ევროკავშირის ბაზარზე. ესეც მეტად მნიშვნელოვანია.
ასევე ვიცით, რომ აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ყულევის ნავთობტერმინალის ფუნქციონირების საკითხზე და სოკარი გახლავთ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

საინფორმაციო ტურის ბოლოს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდით. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პირდაპირი კომუნიკაცია ჟურნალისტებს, საზოგადოებრივ სფეროს წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შორის?
მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უფრო მეტად, ამ შემთხვევაში, ვუგებთ ერთმანეთს. თავისთავად, ერთია რაღაც საკითხის შესწავლა, მეორეა პირადი კონტაქტები და ურთიერთმოსაზრებების გაზიარება – როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში. აღნიშნული პირადი კონტაქტები მეტად მნიშვნელოვანია, თან, როდესაც ოფიციალურ შეხვედრასთან კი არა, არამედ მეგობრულ გარემოში გამართულ შეხვედრასთან გვაქვს საქმე.
სწორედ ასეთი შეხვედრები, როგორიც გვქონდა აზერბაიჯანის ელჩთან, თავისთავად, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს თანამშრომლობას ორმხრივ დონეზე.

საქართველო, აზერბაიჯანი და მთლიანად სამხრეთ კავკასია ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება საქართველოსა და აზერბაიჯანის ძლიერი პარტნიორობა იქცეს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების, არამედ მთელი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობად?“
ერთი მხრივ, თუ ღმერთმა ინება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის განვითარებას. ამასთან, უკვე მიმდინარეობს მუშაობა საზღვრის დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით.
თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, შესაძლებელია შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა სამ სახელმწიფოს შორის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და შესაბამისი შედეგების მიღწევას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
გარდა ამისა, რეგიონულ დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ თუნდაც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივა. ეს გულისხმობს ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპაში, მათ შორის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით და ასევე, პირიქით, ტვირთების ტრანსპორტირებას. მოცულობა ტვირთების წელიწადში 4,5 ნახევარ მილიონ ტონას აღემატა, მით უმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. საკმაოდ შემცირებულია ჩრდილოეთის გზის როლი, ბევრი არიდებს თავს. ამ შემთხვევაში შუა დერეფანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
საქართველო და აზერბაიჯანი შეიძლება იყვნენ არამარტო მეზობლები და პარტნიორები ორმხრივ დონეზე, არამედ შესაძლებელია, თანამშრომლობა განვითარდეს მრავალმხრივ დონეზე, კონკრეტულ სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქვეყნების მონაწილეობით.
გარდა ამისა, სხვადასხვა პერსპექტივას რაც შეეხება, ეს არის ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აზერბაიჯანი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს, როდესაც განიხილება საქართველოს აქტუალური პრობლემა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, დაბრუნდნენ სახლებში. აზერბაიჯანი მუდმივად მხარს უჭერს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.




