არ დავუშვებთ სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, არავის მივცემთ უფლებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პრემიერმინისტრის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტებისა და უკრაინის მთავრობის მხრიდან არაერთი ბრალდების მიუხედავად, საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა.
“იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ დონეზე, ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ არ დავუშვებთ სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. არ მივცემთ უფლებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. დღემდე არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. იმის მიუხედავად, რომ ხშირად გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები როგორც ოპოზიციის, ასევე, უკრაინის მთავრობის მხრიდან,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
