თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამა იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ვიწყებთ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ჯერ ფაროსანას ნეგატიური ეფექტი სახეზეა. ფაროსანამ გამოიწვია კლება და წელსაც მოგეხსენებათ, მაინცდამაინც კარგი კლება არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესდა, მოთხოვნა არის შემცირებული და ფასები დაკლებული, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.
გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს.
პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით.
ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც ამ სექტორშია ჩართული, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისე როგორც ვეხმარებით რთველს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თხილის სუბსიდირების მიზეზებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. მისი განმარტებით, სუბსიდირების გადაწყვეტილება 2 ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს.
“ეს პირველ რიგში, ის კლიმატური ფაქტორებია, რომლის გამო, მიმდინარე წელს მეწარმეებს მოსავლიანობისა და ხარისხის კუთხით პრობლემები შეექმნათ.
„2017 წელს აზიური ფაროსანას გამოჩენამ, თხილის კულტურაში მოსავლიანობისა და ხარისხის კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნა, რის გამოც მოსავლიანობა და ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და 2019 წლიდან ეტაპობრივად თხილის მოსავლიანობა და ექსპორტი გავზარდეთ. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 115 მლნ დოლარი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, პირველ რიგში ეს იყო კლიმატური პირობების გამო, თხილის მოსავლიანობა და ხარისხი შემცირდა, გარდა ამისა საექსპორტო ღირებულების და მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს, რომ მათ მომავალი წლის გაზაფხულიდან შეძლონ ყველა იმ ღონისძიების წარმოება, რომელიც ხარისხიანი მოსავლისთვის არის საჭირო“, – განაცხადა მინისტრმა.
შამუგიამ ასევე ისაუბრა პროგრამის დეტალებზე:
„ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელიც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე ფართობი საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს, ჩვენ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარიან დახმარებას აგრობარათით ქულების სახით მივცემთ, რომლის გამოყენებას თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შესასყიდად გამოიყენებენ.
შედეგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში მოსავლისა და ხარისხის გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს.
გარდა ამისა, ჩვენ შეღავათებს 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ბაღების მფლობელი ფერმერებისთვისაც გავაკეთებთ და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობის საშუალებას მივცემთ და 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს დავუფინანსებთ.
ეს ღონისძიებები ხარისხიანი თხილის მოსავლის მიღებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, – განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ ისიც აღნიშნა, რომ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისთვის შეიქმნება თხილის ბაღების აღრიცხვის პროგრამა.
„ჩვენ გავაკეთებთ თხილის კადასტრს და აღვრიცხავთ ყველა თხილის მოსარგებლეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით. გვექნება ინფორმაცია ფართობებისა და ჯიშების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ შესაბამისი ანალიზი და თხილის სექტორის მხარდაჭერისთვის შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ“, – თქვა შამუგიამ.
