შეერთებულმა შტატებმა გაეროს 12 რუსი დიპლომატი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების მიზეზით ქვეყნიდან გააძევა, ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ს გაეროს მისიამ რუსი დიპლომატები შეაფასა, როგორც “დაზვერვის ოპერატორები”, რომლებიც “ჩართული იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე”.
„ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა დამუშავების პროცესშია“, – თქვა აშშ-ს მისიის სპიკერმა ოლივია დალტონმა.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 7 მარტამდე სთხოვეს. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი უპასუხებს ამ ნაბიჯს დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე დაუწესეს ყოვლისმომცველი ეკონომიკური სანქციები მოსკოვს უკრაინაზე თავდასხმისთვის, შეაფასეს, როგორც ყველაზე დიდი თავდასხმა ევროპულ სახელმწიფოზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გადავიდნენ სამხედრო და სხვა დახმარების გაძლიერებაზე.
