LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დაპირება, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და მეტი ინვესტიცია იქნება მოზიდული, ჩანასახშივე მცდარია –  ამ სასამართლოს პირობებში, შეუძლებელია გაჩნდეს ახალი ბიზნესინტერესები/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, თუმცა, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

მიზეზი ამ მუხლის ხანდაზმულობა გახდა. იგივე მოტივით სასჯელისგან გათავისუფლდა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. ამ საქმის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე ამ დღეებში ბევრმა ისაუბრა, დღეს გვინდა შევეხოთ მის ეკონომიკურ ასპექტებს.
ამისთვის სასაუბროდ მოვიწვიეთ, იურისტი დავით კლდიაშვილი.

-საქმე სამი წელი განიხილებოდა საერთოდ სხვა მუხლით და ბოლო განაჩენში მოსამართლემ კვალიფიკაცია შეცვალა –  ჯგუფური თაღლითობა დაადგინა.
როგორც ვიცი, თაღლითობით საქმის აღძვრა არ გამოვიდოდა, რადგან თავიდანვე ხანდაზმული იყო ეს მუხლი. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

-ეს ერთი შეხედვით კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე ალბათ შინაარსობრივად მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც განვიხილავთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ეკონომიკაზე.

როდესაც სამი წლის წინ საქმე აღიძრა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ და იყო საუბარი რომ საქმე ეხებოდა ფულის გათეთრებას, რა თქმა უნდა, ნებისმიერმა პროფესიონალმა, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ფულის გათეთრება და აქვს პროფესიული ეთიკა, ყველამ ცალსახად დააფიქსირა, რომ  ფაქტს, რაზეც მიდიოდა გამოძიება, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდა ფულის გათეთრებასთან.

რადგან ფულის გათეთრება აბსოლუტურად სხვა რაღაც არის, ხოლო კონკრეტული საქმე- რაზეც ედავებოდნენ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს, არის აბსოლუტურად სხვა.

სამი წლის განმავლობაში მუდმივად მუსირებდა აზრი, რომ „ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე“, სამი წლის განმავლობაში როგორც ბრალდების მხარე, ისე დაცვის მხარე მუშაობს იმაზე, იყო თუ არა ფულის გათეთრება და უცებ სასამართლო ამბობს, რომ –  არა,  საერთოდ სხვა დანაშაული იყო – თაღლითობა და სახტად რჩება როგორც საზოგადოება, ისე დაცვის მხარეც.
ერთი შეხედვით ცოტა კომიკური სიტუაცია გვაქვს.

-სამ წელიწადში მოსამართლეს არ შეეძლო, შეეცვალა მუხლი?

-რა თქმა უნდა, იყო შესაძლებელი იყო, რადგან თავიდანვე ცალსახა იყო, როგორც პროკურატურისთვის, ისე მოსამართლისთვის, რომ არავითარი ნიშანი  ფულის გათეთრების არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ მთელი ეს მასკარადი, ამას რთულად შეიძლება სასამართლო პროცესი დავარქვათ.

კონკრეტულ პირებზე, რომელსაც აქვთ ძალიან კარგი წარსული, რეპუტაცია და დღეს უკვე აქვთ პოლიტიკური ამბიციები, მთელი სამი წლის განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ ეს პირები ფიგურირებენ ფულის გათეთრებაში, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულში შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც სხვა რამდენიმე დანაშაული. ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანს რეპუტაცია ელახება და მათ გზას უჭრიან საერთაშორისო კავშირებზე.

ასეთი ბრალდება, როგორც აღმოჩნდა საკმაოდ მძიმეა ფინანსური წრეებისთვის.

-რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში დარტყმა იყო მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე, როგორც ბიზნესმენებზე, ადამიანებზე, რომლებმაც შექმნეს საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ბანკი, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს. ასევე შექმნეს ბევრი სხვა ბიზნესი.
შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელ საქართველოში ბიზნესის პიონერები იყვნენ. ამ ადამიანებთან მსგავსი დამოკიდებულება, სასამართლოს როლი, როდესაც სასამართლო სამი წლის საქმეს განიხილავს და უცებ ბოლოში გვესმის, ეს ფულის გათეთრება კი არა, საერთოდ სხვა დანაშაული ყოფილა, რომელიც ხანდაზმულობის გამო არც უნდა დაწყებულიყო, სამი წლის განმავლობაში მხოლოდ შავი პიარისთვის კეთდებოდა ყველაფერი –  რა მაგალითს აძლევს ეს ყველაფერი ინვესტორებს, მით უფრო, რომ ამ ადამიანების სახელთან და გვართან დაკავშირებულია უდიდესი პროექტი „ანაკლია“. მათზე საქმის აღძვრას მოჰყვა ანაკლიის პროექტის გაჩერება.

ეს როგორი სიგნალია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ინვესტორებისთვის?

-პრობლემა უფრო რეალური და დიდია, ვიდრე შეიძლება იმ ბიზნესებს მიადგეს, რომელიც ჯაფარიძე ხაზარაძის ბიზნესს უკავშირდება.
პრობლემა გაცილებით დიდია და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დაპირება, რომელსაც ხელისუფლება გასცემს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და მეტი ინვესტიცია იქნება მოზიდული, არის ჩანასახშივე მცდარი, რადგან შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად და გაჩნდეს ახალ ახალი ბიზნესინტერესები, იმ სასამართლოს პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს.

ნებისმიერი პირი, ეს უცხოური ინვესტორი იქნება, თუ ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელსაც სურს, რომ გააფართოოს თავისი ბიზნესი, პირველ რიგში ფიქრობს იმას, რამდენად არის დაცული სამართლიანობის პრინციპი და კანონის უზენაესობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ დავაღწიეთ თავი 90-იან წლებს, როდესაც სხვაგვარად წყდებოდა დავების განხილვა და მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია იმაზე, რომ თუ ჩვენ სარჩელს ვაწარმოებთ, ის დაცული უნდა იყოს სასამართლოთი და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო ფაქტობრივად არ არის.

შესაბამისად ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განვითარდება თუ არა საქართველოში ეკონომიკა, მთავარი კითხვა უნდა დავსვათ: გვაქვს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი გარემო სასამართლოს ჩათვლით, რომელიც ამას ხელს შეუწყობს.

როდესაც ვარ პრაქტიკოსი იურისტი და მაქვს ურთიერთობა ბიზნესწრეებთან, შესაძლოა უცხოელებთანაც, პირველი კითხვაა, რამდენად დამოუკიდებელი და კვალიფიციურია სასამართლო და რამდენად ოპერატიულია.

ამ შემთხვევაში ნეგატიური პასუხები გვაქვს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, აშშ-ს საელჩო პირდაპირ უთითებს, რომ საქართველოში სასამართლო არ არის თავისუფალი და სასამართლოში შეუძლებელია, დაიცვა შენი კანონიერი ინტერესები.

ამის ფონზე საუბარი იმაზე, რომ ინვესტორს სურვილი გაუჩნდება, ბიზნესი აკეთოს საქართველოში,  უბრალოდ არასწორია.

-როდესაც ჩვენ ვახსენებთ სხვადასხვა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს, იქ ყოველთვის საუბარია სამართლებრივ სისტემაზე, რომელშიც პროკურატურაც და სამართლებრივი სისტემებიც შედიან.

როდესაც ეს ყველა ინსტიტუტი შეთანხმებულად მუშაობს ერთი პოლიტიკური ელიტის (და შეიძლება უკვე ერთი ადამიანის ინტერესების სასარგებლოდ) და არა საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, კითხვები უცხოელ ინვესტორებსაც გაუჩნდებათ და მით უფრო ამ საქმესთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, ყველა მსჯელობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერს თუ არ დაიჭერს და არ იყო იქ საუბარი, მოსამართლე რას გადაწყვეტსო…

-ნებისმიერი პირისათვის ძალიან ცალსახა იყო, რომ ფულის გათეთრებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ყველამ ვიცოდით, რომ კონკრეტული პირის ახირება იყო დაიჭერდა, თუ არ დაიჭერდა. აღნიშნე, მსხვილი ინვესტორები თავს შეიკავებენ საქართველოში შემოსვლაზეო, რატომ ვსაუბრობთ უცხოურ ინვესტორებზე, ადგილობრივ ბიზნესმენებზეც ვთქვათ. ასეთ სასამართლოს პირობებში რამდენად ექნება სურვილი, რომ მისი ბიზნესი საქართველოში განავითაროს და არ იფიქროს იმაზე, რომ თუ რამე მოგება საქართველოში ჰქონდა, ქვეყნიდან, სხვაგან არ გაიტანოს და სხვაგან არ განავითაროს? ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი ნებისმიერი საქმის მკეთებელი ადამიანისთვის.
როდესაც შენ ამ სისტემის ჭანჭიკი და ნაწილი ხდები, ან საერთოდ გადიხარ ამ საქმიანობიდან, ან საერთოდ გადიხარ ქვეყნიდან.
ამ პირობებში, უცხოური ინვესტორების შემოსვლაზე საუბარი ზედმეტია.

-სასამართლოს ხშირად განვიხილავთ როგორც ადამიანების უფლებათა დამცველს მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, მის ეკონომიკურ ასპექტებს. როდესაც სასამართლო განიხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და არა სისხლის სამართლის დანაშაულებს. განიხილავს ბიზნესდავებს, სადაც ყადაღას შეიძლება ითქვას, ცულივით იყენებენ. ზეპირი მოსმენით 50 მილიონს ადამიანს ისე დაუყადაღებენ, რომ არც კი ფიქრობენ, ამ 50 მილიონს რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია თუნდაც ქვეყნისთვის.

-თუკი ასეთ სიღრმეებში შევალთ და უნდა შევიდეთ, პრობლემა გაცილებით უფრო დიდი იქნება. აქ არაა მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარება ხდება.

ბოლო პერიოდში ბიზნესწრეებში სულ უფრო გაისმის, რომ შეიძლება არ იყოს პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ შესაძლოა, კორუფციის რისკები არსებობდეს სასამართლო სისტემაში.
ეს უკვე წითელი ნიშანია.

მეორე- პრობლემაა პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, ეს ყველა მოსამართლეს არ ეხება, ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე არის ჩვენს სასამართლო სისტემაში, მაგრამ ზოგადი კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება ბიზნესდავებს და ძირითად შემთხვევაში უგულებელყოფილია ის ეკონომიკური შედეგები, რაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შეიძლება, მოჰყვეს.

ელემენტარულად ის ფაქტი, რომ შეიძლება დავა გაიწელოს 4-5 წლის განმავლობაში და ბიზნესი შეჩერებული ჰქონდეს, ამას ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას ვერ ხვდებიან და არა „არ ხვდებიან“.
ხშირად არ ხვდებიან და ამის მტკიცებულებები არა, მაგრამ ვარაუდები გვაქვს.

-ძალიან საინტერესო იყო საქმის ეკონომიკური ასპექტების განხილვა. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყნის ეკონომიკისთვის, სხვა შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ის იქნება უბრალოდ ფასადური და პოპულისტური დაპირებები ეკონომიკურ ზრდაზე.
დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არც ადგილობრივ და არც უცხოელ ბიზნესმენებს არ ექნებათ იმის გარანტია, რომ მათ მიერ საქართველოში ჩადებული ფული მინიმუმ არ დაიკარგება.