რუსული ენერგეტიკული კომპანია „Интер РАО“-ს სარჩელის საფუძველზე საქართველოს კომპანიისთვის 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა ეკისრება. გადაწყვეტილება სტოკჰოლმის არბიტრაჟმა მიიღო.
2017 წელს, საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა Inter RAO Gardabani Holdings-ის შვილობილმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა. კომპანია ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს და ასევე Silk Road Holdings ფლობს, რომლის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანია “თელასის” 75 პროცენტი. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
რუსულ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს მხრიდან 2014 წლიდან მიღებული რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა.
კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.
საინტერესოა ამ საქმის დეტალები. ჩვენ ერთ-ერთი კვალიფიკაციური ადამიანი შევარჩიეთ თემაზე სასაუბროდ.
“ბიზნესკურიერის” სტუმარია მურმან მარგველაშვილი, ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი და ენერგეტიკოსი.
-ბატონო მურმან, ცოტა არეულია მთავრობის წევრების განცხადებები. ზოგი გასაჩივრებაზე საუბრობს, ზოგი „ნაციონალებს“ აბრალებს და თავისთავად მთავრობა ცდილობს, კრიტიკა აირიდოს. ერთი კითხვა მეც გამიჩნდა, სანამ რუსული მედიასაშუალებებით არ გავიგეთ ეს ამბავი, მანამდე იუსტიციის სამინისტროსაც არ უთქვამს, რომ ეს დავა წააგო საქართველოს მთავრობამ – საქართველომ.
– მაინცდამაინც სასახელო ამბავი არაა, რომ წავაგეთ ეს სასამართლო პროცესი.
საქმეში რამდენიმე გაკვეთილია გამოსატანი.
ჩვენ არ ვიცით, ამ საქმის რეალური დეტალები, არ ვიცით ეს ხელშეკრულება. პრობლემაა, როდესაც ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სახელით ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელმაც ჩვენს გადახდებზე უნდა იმოქმედოს. ჩვენ არ ვიცით, ხელშეკრულება რა პირობებითაა გაკეთებული. რომელმაც ჩვენ გადასახადებსა და ჩვენს ფინანსებზე უნდა იმოქმედოს.
ამას მივყავართ პრობლემამდე.
ვიცით და ცნობილია, რომ კორუფცია რუსეთის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია. როდესაც ასეთ ხელშეკრულებებს ვაწერთ ხელს, ჩვენ ამით ფაქტობრივად იარაღს ვქმნით ჩვენს წინააღმდეგ. ბერკეტს ვაძლევთ, რომლითაც შეიძლება იმოქმედონ ჩვენს პოლიტიკოსებზე და საჯარო მოხელეებზე. იმიტომ რომ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, რომელიც როგორც წესი, უფრო მოკლევადიანია.
პირველი გაკვეთილი, რაც აქედან უნდა გამოვიტანოთ, არის რომ ასეთი ტიპის დახურული ხელშეკრულებები არ უნდა იდებოდეს, უნდა საჯაროვდებოდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის და იგივე ხალხის დაცვა.
რაც შეეხება კითხვას, როდის დაიწყო პრობლემა: თემა მართლა წამოვიდა 2007 წლის ხელშეკრულებიდან, რომელშიც ერთმანეთში იყო არეული სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციები. ხელშეკრულების საინვესტიციო ვალდებულებები, ტარიფები, არღვევდა ფაქტობრივად ყველა საზღვარს და ყველა ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც ენერგეტიკულ რეფორმას ემსახურება. ეს იყო სახელმწიფოს უხეში ჩარევა, სემეკის ფუნქციებში.
სამწუხაროდ მერე ეს ხელშეკრულება არ გაუქმდა, განახლდა 2011 წელს, მერე კი კვლავ განახლდა 2013 წელს. მათი პირობები ისევე დახურული იყო, როგორც პირველი ხელშეკრულების.
მეორე გაკვეთილი რაც უნდა მივიღოთ ამ სიტუაციიდან ის არის, რომ მთავრობა არ უნდა ერეოდეს სემეკის ფუნქციებში.
სემეკი უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მთავრობისგან და პოლიტიკური ინტერესებისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს და გრძელვადიანი ხედვებით ახორციელებდეს თავის ფუნქციებს.
საბედნიეროდ 2013- 2014 წლების ტარიფის გადახედვის პირობებში სემეკმა დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა და არ შეიტანა ის ცვლილებები, რომელიც არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას, სემეკის ფუნქციებს და ენერგეტიკული რეფორმის ლოგიკას. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ის თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო ტარიფებით(სავარაუდოდ ვსაუბრობ და ეს პრობლემაა), ან როგორც ახლა გვიწევს გადახდა.
-პირდაპირ თუ ირიბად საბოლოო ჯამში მოქალაქეების გადასახდელია ეს ფული, რადგან მთავრობას თავისი ფული არ აქვს, ვიცით. ეს თანხა დაახლოებით 250 მილიონ ლარამდეა. გახარებული ჩანდა დედაქალაქის მერი, ამბობდა, 200 მილიონს ითხოვდნენ და 80 მილიონი დოლარი დაგვაკისრესო, საუბარია ასევე გასაჩივრებაზე. თუ არ ვცდები, სტოკჰოლმის სასამართლოში. როგორც წესი არბიტრაჟის გადაწყვეტილებები საბოლოოა და როდესაც მხარეები ხელს აწერენ, თანხმდებიან, რომ რომელიმე კონკრეტული არბიტრაჟი განიხილავს დავის შემთხვევაში ამ საქმეს.
რამდენად რეალურია, რომ გასაჩივრების შედეგად პირობითად გადავრჩეთ და აღარ გვქონდეს გადასახდელი.
-უკეთესია, ამაზე კომენტარები იურისტებმა გააკეთონ, ჩემი სუბიექტური შეხედულებით მაინცდამაინც პერსპექტიულად არ მესახება ეს საქმე, მაგრამ შესაძლოა, იყოს რამე ხელჩასაჭიდი, რაც მე არ ვიცი.
-თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო ქართველი ხალხის სახელით და ჩვენი მანდატით აფორმებს გარკვეულ ხელშეკრულებებს, რომლებიც არის გასაიდუმლოებული და რომელიც გარკვეული პრობლემების შემდეგ უკვე ჩვენი პრობლემა ხდება.
-შემდეგ არა, თავიდანვე ჩვენი პრობლემაა, უბრალოდ ჩვენთვის დამალულია და გვიან ვიგებთ.
ეს ქმნის ჩვენთვის გარკვეულ გარემოებებს. უბრალოდ ეს რაღაც პერიოდი დაფარულია და მერე ხდება მისი გამოვლინება მეორადი შედეგებით.
-ენერგეტიკულ ბაზარზე რას შეცვლის ეს ამბავი? ალბათ ეს უფრო მეტად საჯარო უნდა იყოს და სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ თქვენი, მათ შორის კრიტიკული შეხედულებები გამოთქვას. მთავრობა ამას აღიქვამს პოლიტიკურ წინააღმდეგობად. იქნება ეს გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სხვა. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ხელშეკრულების ინფორმაცია მიჩქმალოს. სპეციალისტებისთვისაც მაინც გახსნილი რომ იყოს ეს ინფორმაცია, მგონია, რომ კარგი იქნება და ეს ცვლილება მაინც უნდა შეიტანოს ამ ფიასკომ ამ არბიტრაჟში.
-ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ სამწუხაროდ სპეციალისტებიც არ გვაქვს, კვალიფიციურად ამ საქმეს მარტივად ვინც გააკეთებს. იმიტომ რომ ხალხი არ არის ამ საქმეში ჩაბმული.
გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ხდება ნაჩქარევად. ინდივიდუალური მოსაზრებებით. მცირე რაოდენობის ადამიანების შეხედულებებით, მაშინ როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს ანალიტიკური ცენტრები, ჯგუფები, რომლებიც რეალურ საქმეში იქნებიან ჩართულები და ამ პროცესში გაიზრდებიან. ეს პროცესია შესაქმნელი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ზედმიწევნით ზუსტად დასაცავია რეფორმები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ ენერგეტიკული ფორმატში. ეს არის სწორედ მოწოდებული იმისათვის, რომ იყოს გამჭვირვალე, იყოს კონკურენტული ბაზარი და აქ შედარებით არის ჩართულობა, არის მცირე რაოდენობა ადამიანების, ვისაც სამუშაო აქვთ, რომ ამაზე იმუშაონ.
უკეთესია გადავეჩვიოთ იმას, რომ სპეციალისტებს ვარქმევთ ხალხს, რომელიც სულ სხვა რამით არის დაკავებული, იმედი გვაქვს, რომ ჩვენზე მეტი იციან. ამიტომ ისინი თავიანთ აზრს რომ გამოთქვამენ, არ უნდა მივიჩნიოთ ჭეშმარიტებად.
ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხს ჰქონდეთ სამუშაო დავალება მუდმივად. ხდებოდეს ფიქრი, მუშაობა, სტრატეგიების, სცენარების შემუშავება ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ჩვენ უამრავი გარესაფრთხისა და შიდასაფრთხის ქვეშ ვართ და ენერგეტიკა ერთ-ერთი სუსტი წერტილია ამ ყველაფერში. დაფიქრება გვჭირდება და შესაბამისი დაცვის მექანიზმები, რაც პირველ რიგში არის ჩვენი პრობლემების გათვითცნობიერება. გაცნობიერება ჩვენი შესაძლებლობების და ამაზე სისტემური და მეთოდური და მუდმივი მუშაობა გვჭირდება. მაშინ იქნება სპეციალისტი ადამიანი, მათ შორის ჩემი ჩათვლით. არ მინდა ვინმემ იკითხოს, რომ სხვაზე ვლაპარაკობ. მე მხოლოდ ეპიზოდურად მაქვს ხოლმე შესაძლებლობა, რომ კონკრეტული მიმართულებით ვიმუშაო. გადასარჩენად დაფიქრება გვჭირდება.
-დანაშაული ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც ხომ უნდა იყოს, რომ ვინმეს რამე მოვთხოვოთ და დავაკისროთ.
-ერთი საკითხი ყველა მთავრობის პრობლემაა, ესაა კანონისადმი უდიერი მოპყრობა. თუ რაღაცის გაკეთება იყო საჭირო, როგორც წესი, იცვლებოდა კანონით. იმის მაგივრად, რომ კანონს მორგებოდა ქმედება. ამიტომ ის რომ ვიღაცას იურიდიული პასუხისმგებლობა დააკისროთ, ამას ალბათ ძნელად მივაღწევთ, მაგრამ ესეც არის კიდევ ერთი – კანონი უნდა იყოს ხარისხიანი და უნდა იყოს დაცული.
ამას თუ მივაღწევთ, მერე ის აღარ მისცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიმღებებს, გვერდის ავლის საშუალებას და ესეც იქნება ჩვენი დაცვა და იმ ხალხის დაცვა, ვისაც ხელეწიფება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
