LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მამა წავიდა, ბავშვს ბაღში მამის ბალიში დაჰქონდა“… „წასული დედები და აქ დარჩენილი გოგოები იჩაგრებიან საზოგადოებაში” – რა გავლენა აქვს მოზარდებზე მშობლების ემიგრაციაში ყოფნას და რა სჭირდებათ “მიღმა დარჩენილ ბავშვებს“ / კვირის თემის პოდკასტი

საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოდან წასული ემიგრანტების 54.6 % ქალია. ქალი ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაწილი (29%) საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში იმყოფება.

მოზარდებზე მშობლის მიგრაციით გამოწვეული გავლენა, მისი შემცირების გზები, გამოწვევები და რეკომენდაციები – ამ მთავარ საკითხებზე ისაუბრა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტმა, მაია ნასრაშვილმა.

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის კუთხით, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება, პოლიტიკის თვალსაწიერის მიღმა, მთელი რიგი საკითხები რჩება.

საუბრისას დაწყებისას მაია ნასრაშვილმა გაიხსენა 2021 წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც 13 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ორი მუხლით ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლეს – მოზარდის დედა უვადო პატიმრობას ითხოვს

„ამ თემაზე [მოზარდებზე მშობლის მიგრაციით გამოწვეული გავლენა] პირველად, 13 წლის ნინის შემთხვევამ დაგვაფიქრა. მაშინ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩართავდა რადიოსა თუ ტელევიზორს, ნახავდა, რომ ეს ბავშვი დარჩა ყველას (სკოლის, მეზობლის, ნათესავის) თვალსაწიერს მიღმა. როგორც აღმოჩნდა, რაღაცნაირად ყველამ იცოდა მისი გასაჭირის შესახებ, მაგრამ რეალური დახმარება ვერვინ აღმოუჩინა. როცა ნინის დედის ინტერვიუ ვნახე, დავფიქრდი, იქნებ არსებობს რაიმე ტიპის პოლიტიკა ან მხარდამჭერი სერვისები, რომლებიც საქართველოში დარჩენილ ბავშვებს შესაძლოა, ეხმარებიან“,- აღნიშნა მან.

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტი ამბობს, რომ პრობლემა მრავალწახნაგოვანია და არ შეიძლება მხოლოდ ბავშვების, მშობლების ან საზოგადოების პერსპექტივიდან შევხედოთ.

მისი განმარტებით, ძირითადი სამუშაო ოჯახის გაძლიერების და მხარდაჭერისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენი პროექტის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ემიგრაციაში წასული მშობლების უმეტესობა იყვნენ ქალები. თუკი მშობელს მაინც უწევს ემიგრაციაში წასვლა (არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ისინი ამით რამეს აშავებენ, პირიქით, ამ ფორმით ცდილობენ შვილებს მატერიალური დოვლათი შეუქმნან), უნდა დავფიქრდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რჩებიან საქართველოში, რათა მათ ნაკლები ზიანი მიადგეთ ემიგრაციის შედეგად“,- განაცხადა მაია ნასრაშვილმა.

„ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო“ – მიგრაციით გამოწვეული გავლენა მოზარდებზე და სახელმწიფოს პოლიტიკა

 

როგორც საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტმა აღნიშნა, საკითხზე ერთწლიანი მუშაობის შედეგად, რაც მშობლებთან, პედაგოგებთან, სოციალურ მუშაკებთან პირისპირ კომუნიკაციას, ასევე, მუნიციპალურ დონეზე, თვითმმართველობებთან მუშაობას მოიცავდა, აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებისთვის „შესაბამისი სერვისების მისაწოდებლად ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო“, ვინაიდან მისივე სიტყვებით, ეს „სახელმწიფოსგან დიდ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს, ვინაიდან საჭიროა, მხოლოდ ხილული გახდეს“ მიგრაციის შედეგად საქართველოში დარჩენილი ბავშვების პრობლემები.

„ძალიან კარგი იქნებოდა, არსებობდეს სტატისტიკა, ვიცნობდეთ ამ ბავშვებს და ვიცოდეთ, კონკრეტულად, რა საჭიროებები აქვთ მათ“, – ამბობს საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტი და დასძენს, კონკრეტულად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვზე მშობლის მიგრაციამ.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, საგანმანათლებლო გავლენები – შესაძლოა, შემცირდეს [ბავშვის] აკადემიური დასწრება, ხდება სკოლის მიტოვებაც. ამ შემთხვევაში, დიდი როლი ეკისრება პედაგოგს, როდესაც მშობელი მიდის, იცის თუ არა მან, რა საჭიროებების წინაშე დგება ბავშვი – აქვს თუ არა ყურადღების დეფიციტი, რის გამოც ვეღარ ახერხებს სასკოლო პროცესში ჩართულობას.

აუცილებელია, აღვნიშნოთ ქვეყნის კულტურული კონტექსტიც – როდესაც რჩებიან გოგონები, მათ უწევთ მთელი რიგი ოჯახური პასუხისმგებლობების აღება და საშინაო საქმეების შესრულება.

შესაძლებელია, რომ მათ სკოლის მიღმა შევთავაზოთ გარკვეული სერვისები – მაგალითად, ადგილობრივ დონეზე ჩართულობა სხვადასხვა არაფორმალური განათლების აქტივობებში, იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ზრუნვის, მხარდაჭერის განცდა“, – განაცხადა მაია ნასრაშვილმა და საკითხზე მუშაობის პერიოდში, პედაგოგების მხრიდან დასახელებული კონკრეტული მაგალითები მოიშველია:

„პედაგოგი საუბრობდა ჩვენთან, რომ რაც მამა წავიდა [ემიგრაციაში], ბავშვს ბაღში მამის ბალიში დაჰქონდა. მას ჰქონდა გარკვეული დეფიციტი და მიეჯაჭვა აღმზრდელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სიტუაციებში ასეთი ყურადღება გამოიხატოს ამ ბავშვების მიმართ. ამ შემთხვევაში ეს იყო წარმატებული მაგალითი, აღმზრდელმა შენიშნა, მაგრამ არის შემთხვევები, რაც ყურადღების მიღმა რჩება.

შესაძლოა, ბავშვს დასჭირდეს ფსიქოლოგის დახმარებაც“, – აღნიშნა მაია ნასრაშვილმა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, მშობლებს რეკომენდაციებითაც მიმართა:

  • მშობელი, რომელიც ემიგრაციაში მიდის, გააფრთხილოს ბავშვი – ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი არ ეუბნება შვილს, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში.
  • მნიშვნელოვანია, მშობელმა თავად აუხსნას ბავშვს, რა დროით მიდის და რა არის წასვლის მიზეზი. ასევე, მნიშვნელოვანია მინდობილობის საკითხი.

ჩვენი პროექტის მიზანი საკითხის წინ წამოწევაა, ბავშვების საჭიროებების საზოგადოებამდე და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე მიტანა, რათა არსებობდეს გარკვეული პოლიტიკა, რომ ეს ბავშვები გახდნენ ხილულები სოციალური დაცვის სისტემისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მშობლის წასვლის შემდეგ, ბავშვის ოჯახში ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება“, – ამბობს მაია ნასრაშვილი.

 

რას გვიჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა

 

„რა თქმა უნდა, მიგრაცია ბუნებრივი მოვლენაა და ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი, ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც მიგრაციის წარმატებული პოლიტიკა ხორციელდება, ბავშვთა დაცვისა სისტემა ორიენტირებულია ბავშვთა კეთილდღეობაზე“, – თქვა მაია ნასრაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  საერთაშორისო ანალოგიებზე საუბრისას.

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტმა ასევე აღნიშნა, რომ მიდგომა კოორდინირებულია და საგანმანათლებლო სივრცეებში ბავშვებისთვის დამატებითი სერვისები ჩნდება.

„მიგრაციის საკითხები ძალიან მაღალ დონეზეა დღის წესრიგში და აღნიშნულ პოლიტიკას ევროკავშირის რეკომენდაციებიც ითვალისწინებს.

მიგრაციის შედეგად დარჩენილი ბავშვების მხარდაჭერა და მათი დანახვა, პოლიტიკის დონეზე, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში არ ხდება.

ჩვენთან, უფრო მეტად, თითქოს სოფლებში ხდება მიგრაციის შედეგად დარჩენილი ბავშვების მხარდაჭერა, ამიტომ საჭიროა დამატებითი სერვისების ჩამოყალიბება, რათა ბავშვები სოციალიზდნენ და გარკვეულწილად მიიღონ ის სითბო, რომლებიც მათ იმ პერიოდში აკლდებათ.

მნიშვნელოვანია, ძალადობის შემთხვევაში ბავშვს, პედაგოგს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვის უნდა მიმართოს და როდის.

თავის მხრივ, სახელმწიფოს სერვისები ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართ უნდა ხორციელდებოდეს, ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პოლიციამ უნდა იცოდეს, როდესაც ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, რა ნაბიჯები გადადგას ისე, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

დედები, რომლებიც წასულები არიან და გოგოები, რომლებიც აქ არიან დარჩენილი, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ისინი კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან, ვიდრე ბიჭები ან მამები, ვინც მიდიან ემიგრაციაში“, – განაცხადა მაია ნასრაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ამის თქმის საფუძველს აძლევს არა მხოლოდ ქართული პრაქტიკა, არამედ საერთაშორისო დონეზე ჩატარებული კვლევების შედეგები.

„საბედნიეროდ, სხვა ქვეყნებში ამ საკითხს იკვლევენ. ჩვენს საზოგადოებაში არის ჭორაობის პრაქტიკა, მიგრაციაში დაბრუნებული ქალების სოციალიზაცია კიდევ უფრო მეტად ჭირს და ეს საკითხი ჩვენს მიერ ჩატარებულ შეხვედრებზეც აქტიურად ჟღერდებოდა – თითქოს მშობლის როლი კითხვის ნიშნის ქვეშ ყენდება, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ირიბად.

მიგრაციაში წასულ ქალებს, ისევე როგორც, აქ დარჩენილ გოგოებს, უფრო მეტად უწევთ თავის დაცვა. ამიტომ საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს მეტი ლოიალობა, ემპათია და მხარდაჭერა წასული ქალების და დარჩენილი გოგონების მიმართ“,- განაცხადა საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტმა.

მაია ნასრაშვილის თქმით, მოზარდებზე მიგრაციის გამოწვეული გავლენა, ძირითადად, ფსიქოემოციური, ეკონომიკური (ხშირ შემთხვევაში დადებითი) და განათლების კუთხით გამოიხატება.

„პროკურატურის მიერ საინტერესო კვლევა ხორციელდება და უნდა აღინიშნოს, რომ იმ ბავშვების 46%, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და არიან არასრულწლოვანები, სამწუხაროდ, მათი მშობლები დედა ან მამა არის ხოლმე ემიგრაციაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების არსებობა, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ ყურადღების მიღმა“,- განაცხადა საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ბავშვთა უფლებების კონსულტანტმა, მაია ნასრაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ .