დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – თავდაპირველად, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება. ეს ის ლოკაციებია, სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო მობილიზებული.
მობილური იმუნიზაციის პროექტის განხორციელებას სამედიცინო ჰოლდინგი და რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.„ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას.
გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით.
ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. კერძოდ, ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილები, სადაც მოქალაქე მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რასაც ის მიიღებდა პოლიკლინიკაში“, – განაცხადა მინისტრმა.
