აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება – ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა და როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ცვილებები სათამაშო ბიზნესზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას შეუწყობს ხელს.
დღესვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ პარლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა და მოსალოდნელ დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ფინანსთა მოადგილემ განმარტა, ცვლილებით ფართოვდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების ეფექტურ შემუშავებას და აღსრულებას.
მისივე სიტყვებით, „პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებობს ნაკლოვანებები, რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მაგალითად რასაც ქვია „თამაშის მიწოდება“ ქვეყნის გარეთ, აქამდე შეუძლებელი იყო და არ ხდებოდა სერვერებზე წვდომა, რომ გაკონტროლებულიყო რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს პროცესი.
აღნიშნული ცვლილებით ეს ხარვეზი გასწორდება და ყველა სფერო, რომელსაც ეხება სათამაშო ბიზნესში მომსახურების გაწევა, თამაშის მიწოდება ხვდება კონტროლის სფეროში. შესაბამისად, თამაშის მიმწოდებელი გადაიხდის სანებართვო მოსაკრებელს. ასევე კონკრეტდება რა არის არსებითი მომსახურება და პროდუქცია სათამაშო ბიზნესში“. – აღნიშნა დუნდუამ ცვლილებებზე საუბრისას.
კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
