დღეს, 15 საათზე, TRSC – სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრისა და და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ბეთანიაში დოქტორანტთა შეხვედრა გაიმართება პროფ. ვილი ჰაუზერთან სამეცნიერო-პოპულარულ თემებზე – ინფორმაციას ამის შესახებ TRSC ავრცელებს.
ორგანიზაციის განმარტებით, ღონისძიების მიზანია გერმანია-საქართველოს შორის დარგთაშორისი და გამოყენებითი კვლევების ორგანიზების ახალი მიდგომების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროფერორი ვილი ჰაუზერი (გერმანია საარის უნივერსიტეტი, გამოყენებითი მეცნიერებები); სადოქტორო კვლევების სახელმწიფო მხარდაჭერის პროექტში მონაწილე დოქტორანტები, თსუ-სა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება:
- დოქტორანტების მიერ მათემატიკის ინსტიტუტში დამუშავებული კვლევის მონაცემები – თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო მართვის და ელექტრონული მართლმსაჯულების საკითხებზე, აგრეთვე, საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგები;
- მოსმენილი იქნება დოქტორანტთა შეფასებები, კვლევითი პროცესის კულისები, კითხვები უფროს თაობის მეცნიერებთან;
- პრეზენტირებული იქნება არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ოზონატორი, რომელიც პანდემიის პირობებში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავდა;
- მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თვითნასწავლი მხატვრის ბელა ლობჟანიძის შემოქმედებას.
სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა 2018 წელს მაღალი ხარისხის სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის მიზნით. ცენტრის დამფუძნებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დამფინანსებელია სახელმწიფო. ცენტრს ხელმძღვანელობს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მარსაგიშვილი.
პროფესორ ვილი ჰაუზერთან თანამშრომლობით ცენტრმა გერმანიაში, კვლევითი პრაქტიკის ორგანიზება წარმატებით განახორციელა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრის სტრატეგიული განვითარების გეგმებზე მუშაობა.
TRSC-ის ცნობით, ცენტრის მიერ ორგანიზებულ დოქტორანტთა ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლა 40-ზე მეტმა დოქტორანტმა და მიმდინარე წელს სურვილი უკვე გამოთქვა 80-მდე დოქტორანატმა, პროგრამაში კი მონაწილეობა 120-მდე მეცნიერ-მკვლევარმა მიიღო.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გაერთიანებულია 7 სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათ შორის რეგიონებიდან (თბილისი, ბათუმი, ახალციხე, თელავი) 11 სამეცნიერო ინსტიტუტის, სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტების კვლევითი ტექნიკა და ინფრასტრუქტურები.
