“პროდასავლური ოპოზიციის ამოცანაა სამართლიანი, ახალი არჩევნების საშუალებით ხელისუფლების შეცვლა და მოსაძებნია ფორმულა, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს ამ მიზნის მისაღწევად”, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ვექტორი აქვს, ამოცანა ნათელია – ეს არის ხელისუფლების შეცვლა სამართლიანი, ახალი არჩევნების საშუალებით. მოსაძებნია ფორმულა, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, რომ პროფესიულ ნაწილში თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ ვერ მიიღოს ის პროცენტი, რომლითაც დარჩება ხელისუფლებაში.
მთავარი ამოცანა ეს არის და აქ გამოცნობის, ბნელ ოთახში ხელის ცეცების ფორმულა არ გამოდგება. რა პრაქტიკა ამართლებს და რა არა, ამას სჭირდება როგორც სპეციალისტების, ასევე პოლიტიკოსების საუბარი და ყველაზე ოპტიმალური გზის მოძებნა – როგორ მივიდეთ არჩევნებამდე და გავიდეთ ისე, რომ ოპოზიციამ პროპორციულ ნაწილში მიიღოს 57% და მეტი.
გუშინ გამოვიდა მელია ციხიდან, რამდენიმე საათია, რაც თავისუფალი ადამიანის ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა, დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმე აქვს პარტიის შიგნითაც და მის გარეთაც, ამიტომ, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ცოტა ხანი ვაცადოთ, ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ, და შემდეგ იქნება შეხვედრები.
ოპოზიციას ბევრი საკითხი აქვს გასავლელი – მიმდინარე პროცესები და სამომავლო საკითხები.
იმდენად მძიმე და კრიტიკული ბრძოლა გველის წინ, რომ მერობის კანდიდატზე გამარტივებული საუბარი არის ამ ბრძოლის მოგების ან წაგების ტაქტიკის დაყვანა იმაზე, ერთიანი კანდიდატი იქნება თუ არა თბილისში. ეს არის კომპლექსური, დიდი ბრძოლა, რომელსაც კარგად გააზრებული სტრატეგია სჭირდება“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
