საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მწვავე რესპირატორული ვირუსების ეპიდემიაა. ექიმების გადმოცემით ეს გაგრძელდება შუა გაზაფხულამდე. ამ დროს აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ, რომ გრიპისგან უფრო დაცულები ვიყოთ.
ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტების მიღება აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი ფუნქციების ზრდას.
თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხილი, წვენები. თუ თქვენ სწორად იკვებებით, არ დაგჭირდებათ დამატებით ვიტამინების მიღება. დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ხშირად გაანიავეთ სახლი. სეირნობისას ისუნთქეთ ცხვირით, რადგან ცხვირში გამავალი ჰაერი მეტწილად იფილტრება მტვრისა და მიკრობებისგან. საზოგადოებრივ ადგილებში მოერიდეთ ყოველგვარ კონტაქტს დაავადებულ ადამიანებთან. საერთოდ ეპიდემიის პერიოდში მოერიდეთ ასეთ ადგილებში ყოფნას.
დაიცავით ჰიგიენა – რეგულარულად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით ქუჩიდან დაბრუნების და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ. შეძლებისდაგვარად ეცადეთ გქონდეთ სწორი ცხოვრების სტილი, რომელიც მოიცავს არა მარტო ბალანსირებულ კვებას, არამედ კარგ ძილს არანაკლები 8 საათისა და ასევე ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას. გახსოვდეთ, რომ ფიზიკურად გადაღლა კი არ გააძლიერებს, არამედ დაასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას. თუ თქვენი ოჯახიდან ვინმე ავად გახდა, სჯობს ის გადაიყვანოთ ცალკე ოთახში და გამოუყოთ ინდივიდუალური ჭურჭელი. ავადმყოფი უნდა ატარებდეს ნიღაბს. ხშირად გაანიავეთ ბინა და ჩაატარეთ სველი წმენდა.
თუ სიფრთხილის მიუხედავად მაინც დაავადდით, დაისვენეთ სახლში, სვით ცხელი ჩაი, რომელიც თქვენ მოგწონთ და მოერიდეთ ორპირ ქარს. გრიპის მსუბუქი ფორმის ან ჩვეულებრივი გაციების დროს საკმარისია მხოლოდ იწვეთ სახლში. თუ შეამჩნევთ, რომ ავადმყოფობა რთულდება, სასწრაფოდ ეწვიეთ ექიმს. არ ღირს დაუკითხავად მიიღოთ რეკლამირებული ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც რეალურად არ იძლევა კარგ შედეგს მკურნალობის დროს. ისინი ხშირ შემთხვევაში განკუთვნილია მხოლოდ გრიპის და არა გაციებისთვის. გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ, რომ ანტივირუსული პრეპარატები მოქმედებას იწყებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიიღებთ დავირუსებიდან 48 საათის განმავლობაში. თუ დაავადება არ გაგივლით 5 დღის განმავლობაში და ამჩნევთ ახალი სიმპტომების გამოჩენას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება დაავადების გართულებას. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა დაგენიშნოთ სწორი მკურნალობა.
