„თუ თქვენ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა, ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებით ვერავინ გადაფარავს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეკითხვაზე – შეუქმნა თუ არა დისკომფორტი ხელისუფლებას ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებებით – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკომფორტია ის, როცა პრემიერ-მინისტრი კორუფციული ბრალდებით ციხეში ხვდება.
კითხვაზე: ხედავს თუ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივას, კობახიძემ განაცხადა, რომ როცა პირდაპირ კორუფციული დანაშაულია სახეზე, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს.
„რა თქმა უნდა, ღარიბაშვილმა ჩვენს გუნდს დისკომფორტი შეუქმნა, რომ კორუფციის ბრალდებით მას ციხეში წასვლა მოუწია. ეს დისკომფორტია, რომელიც მან გუნდს შეუქმნა და რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას წარსულში ასეთი საქმიანობა არ ჰქონოდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტი იქნებოდა.
კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება აქვს წაყენებული და ეს ბრალდება არის დადასტურებული, ამას განცხადებებითა და წერილებით ვერანაირად ვერ ჩამოიწმენდ. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი.
ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცებზე საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ ხელისუფლება მთლიანობაში იმდენად სუფთად მუშაობს, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არავითარი წარმატება არ ჰქონია, გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან სუფთად მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
