მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ უზბეკეთში მიიწვიეს. ქალაქ სამარყანდში 25 აგვისტოს საერთაშორისო ფესტივალი „აღმოსავლეთის მელოდიები“ გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 50 ქვეყნის 60 შემსრულებელი. საკონკურსო კომისია სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს.
ფესტივალი 1997 წლიდან იღებს სათავეს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალში საქართველოდან სხვადასხვა ანსამბლები მუდმივად მონაწილეობდნენ. „დიდგორი“ 7-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება და 28 აგვისტოს წარდგება მსმენელისა და ჟიურის წინაშე. ქართველი მომღერლები რამდენიმე კონცერტს გამართავენ და სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებენ.
