გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი მომღერალი თიკა ფაცაცია იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის – „შენთან ერთად“ პრემიერა.
თიკა: საკმაოდ დიდხნიანი პაუზა გამომივიდა. მიხედავად იმისა, რომ ეკრანებზე ხშირად ვჩნდები, სიმღერა მაინც მაკლდა. ოჯახისა და ტელევიზიის საქმეების გამო, სიმღერა მეორე პლანზე მქონდა გადატანილი და მიხარია, რომ ამისთვისაც მოვიცალე. ამ სიმღერას რეპერ ძვალთან ერთად ვასრულებ და მემგონი ძალიან კარგი გამოვიდა. მიყვარს, როდესაც ბევრი საქმე მაქვს.
– კლიპის გადაღებას თუ გეგმავ ამ სიმღერაზე?
– კი, ითხოვს სიმღერა კადრებს და ვიზუალს და ძალიან მინდა გადავიღო კლიპი.
– მოგვიყევი სიმღერის შესახებ…
– სიმღერის ავტორია ლილიკო ნემსაძე, მან ზუსტად იცის რა მომწონს და რა მოუხდება ჩემს ხმას, არანჟირება ბორიკო კოშხიანს ეკუთვნის, მუსიკა – ირინა სანიკიძეს. იმედი მაქვს სიმღერას შეიყვარებს ხალხი. რადიოს ხშირად ვადევნებ თვალ-ყურს და გული მწყდება, რომ ქართული სიმღერები სულ უფრო იშვიათად ისმის. ახლა წამოვიდა ქართველების უცხოურენოვანი სიმღერების ტენდენცია, რაც სხვათაშორის, სულ იყო და დროც ნელ-ნელა გადის და რაღაცნაირად ვეგუებით. მაგრამ არ მინდა ამასთან შეგუება და ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ.
– შენი აზრით, რა უწყობს ხელს ამ ყველაფერს, რატომ ვერ განვითარდა ქართული პოპ-მუსიკა იმ დონეზე, როგორც თუნდაც ახლო მეზობელ ქვეყნებში?
– ალბათ უნდა დადიოდე ამ შენი შექმნილი მასალით საქართველოს სხვადასხვა წერტილში. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს ადამიანი ბილეთში ფულის გადახდას და კონცერტზე მოსვლას… ასე ხდება, ბიზნეს-წრე არ იკვრება და ერთგვარად ცალმხრივი საკითხია.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
– კონკრეტულად არაფერს ვგეგმავ, რაც „არ გაჩერდე“ ჩავწერე და გამოვუშვი, მემგონი საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. იმედია ეს ყველაფერი დროებითია.
– სატელევიზიო კუთხით ხომ არ იგეგმება სიახლეები?
– არ ვიცი, ჩემთვის ცნობილი ამ მხრივ არ არის. სტაბილურად, უკვე მეოთხე წელია „სხვა შუა დღეში“ ვარ და ძალიან მომწონს.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი მომღერალი ბექა ბროლაძე იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის – „არ მოგიგონებ“ პრეზენტაცია.
– ბექა, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გამოგივიდა…
– დიახ, ნამდვილად, რომ ვთქვა, რომ ვმუშაობ ყოველ თვე და დღეში ვწერ ხუთ თრექს, ასე არ არის ნამდვილად, მაგრამ რაღაცეებს ვაკეთებ და ისე არ ვარ.
– რაც შეეხება შენს ახალ სიმღერას, „არ მოგიგონებ“, ვის ეკუთვნის ის?
– სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს და ძვალს, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება. ეს მაიკოსთან უკვე მეორე სიმღერა იქნება, პირველი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
– სხვა მომღრლებთან შედარებით, შენი აქტივობები უფრო ჩანს, რაც მისასალმებელია, მაგალითად ცოტა ხნის წინ ქუთაისს სტუმრობდი…
– კი, არის შემოთავაზებები, კორპორატიული საღამოებიდან, დახურულ საღამოებიდან კერძო კომპანიებისგან, სადაც მიწვევენ. არ მინდა ხმამაღლა გამომივიდეს, მაგრამ როდესაც ქმნი ხარისხიან მუსიკას, ეს ყველაფერი მაგისი დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს მსმენელი, ვისთვისაც ვმუშაობ. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, რომ აქამდე მოვსულიყავი.
– ზაფხული ახლოვდება, თუ იგეგმება უკვე ზღვისპირა ქალაქებში გასვლითი კონცერტები?
– კი, ბათუმიდან მაქვს შემოთავაზება, იგეგმება კონცერტი, ასევე შემდეგ კვირას არის საქველმოქმედო სახის კონცერტი 70 ბენეფიციარებისთვის, ასევე ბათუმში, დიდი სიამოვნებით ჩავალ და ვიმღერებ.
– ბევრი მომღერალი დადის მეზობელ ქვეყნებში და მართავს კონცერტებს…
– მე სამწუხაროდ ვერ დავდივარ, სამსახურიდან გამომდინარე, თუმცა მქონდა რამდენიმე შემოთავაზება. მაგალითად ახლა ანტალიიდან არის შემოთავაზება, სადაც უნდათ, რომ მთლიან სეზონზე ჩავიდე. ამ ეტაპზე ჩემთვის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდა მისი დაკარგვა. თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ რაღაცეებს, რადგან ასეთი გასვლებიც აუცილებელია.
– ალბომის ჩაწერას თუ გეგმავ?
– მაქვს დიდი სურვილი, რომ გავაკეთო ალბომი, სიმღერებიც დამიგროვდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამისი და ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება ახალ სიმღერას, ამ ეტაპზე ჩაწერას აღარ ვაპირებ.
– სად ჩაიწერა შენი ახალი სიმღერა „არ მოგიგონებ“?
– „სანო სტუდიაში“ ჩაიწერა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ თანადგომისთვის.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ვარ ძალიან თავისუფალი და ვგიჟდები ამ შეგრძნებაზე, ძალიან კარგად ვარ და მთლიანად ჩემს საქმეზე ვარ გადართული. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ასე რომ ჯობია თავისით მოვიდეს გრძნობაც. როცა ძალით და ხელოვნურად ქმნი, არ არის ღირებული და მუდმივი.
– წარმატებებს გისურვებ.
