12 სექტემბერს გუდაურში სასტუმრო „მარკო პოლო“ კერამიკის ფესტივალს მასპინძლობს სახელწოდებით „ცეცხლის ღამე“, რომელიც მასტერკლასებსა და გამოფენა-გაყიდვას მოიცავს. მასზე დასწრება კი უფასო გახლავთ.
ამ საინტერესო წამოწყებაში სასტუმროს პარტნიორია ქართული კერამიკური ხელოვნებისა და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“. მხარდამჭერები კი, კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო „White Studio” და გალერეა „ვორქშოპი“.
ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ტურზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას რეგიონში.
ფესტივალში უცხოელი და ქართველი კერამიკოსები მიიღებენ მონაწილეობას და გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის აშენდება სამი სახეობის გარე გამოწვის კერამიკული ღუმელი, ჩატარდება თანამედროვე კერამიკის საერთაშორისო გამოფენა, მასტერკლასები და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, თავად ამოიყვანონ თიხის ქოთნები, მოხატონ ფიალები და საკუთარი ნამუშევრები ღუმელში გამოწვან. გაიმართება სახალისო შეჯიბრებები სტუმრებს შორის.
