19 სექტემბერს რუსთაველის თეატრი 137-ე სეზონს გახსნის. წარმოდგენილი იქნება რობიკო სტურუას სპექტაკლი „იულიუს კეისარი“. მონაწილეობენ ნინო არსენიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ზურა ინგოროყვა, პაატა გულიაშვილი და სხვანი.
სპექტაკლის მხატვარი მირიან შველიძე გახლავთ, კოსტიუმები ანა ნინუას ეკუთვნის, ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძეს, მუსიკალური გაფორმება კი ია საკანდელიძეს.
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, თუმცა სიცოცხლე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. პირველი სპექტაკლი, ბარბარე ჯორჯაძის „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“ 1879 წელს დაიდგა, როდესაც „დრამატული კომიტეტის“ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა. 1898 წელს კი რუსთაველის გამზირზე, იმდროინდელ გოლოვინის პროსპექტზე, საძირკველი ჩაეყარა „არტისტული საზოგადოების სახლს“, რომელსაც შემდგომ რუსთაველის თეატრი ეწოდა.
