გია ყანჩელს აგვისტოში 80 წელი შეუსრულდა. სახელგანთქმული ქართველი კომპოზიტორის მნიშვნელოვან თარიღს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც აღნიშნავენ. 10-11 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდი მაესტროსადმი მიძღვნილ საღამოზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ. ჯერ მხოლოდ ერთი კონცერტის გამართვა იყო განსაზღვრული, თუმცა დიდი ინტერესის გამო, 48 საათის განმავლობაში, 10 ნოემბრის კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა და ამიტომაც, ორგანიზატორებმა მეორე ღონისძიებაც დაამატეს.
საღამოზე შესრულდება გია ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა, სიმფონიური ნაწარმოებები და „სტიქსი“.
10 ნოემბრის საიუბილეო საღამოზე გია ყანჩელის პრემია გაიცემა, რომელიც მისივე შერჩეულ ნიჭიერ მუსიკოსებს ყოველწლიურად გადაეცემათ. პრემია კი, რომელიც „ბადაგონმა“ დააწესა, შეადგენს 10 000 ლარს.
საღამოში მონაწილეობენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, გიორგი ცაგარელი, სამების საპატრიარქო გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.
