გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”არგო” ესტუმრა. “არგო” სტუდიას არასრული შემადგელობით ეწვია: პაპუნა ბახტაძე, ვახო ძაგნიძე, გიგა ბუბუტეიშვილი და გიგა კვინიკაძე.
–სულ ცოტა ხნის წინ კონცერტი გქონდათ…
გიგა ბუბუტეიშვილი: -დიახ, ვანის ახლად გარემონტებულ კულტურის ცენტრში გამოვედით. ძალიან კარგად ჩაიარა. ვიმღერეთ ჩვენი სიმღერები, ჩვენ თვითონვე დავგეგმეთ, რადგან “არგოს” წევრები ასევე კულტურის სახლის თანამშრომლები ვართ. ამ ბოლო დროს უფრო მოიმატა კონცერტებმა.
-კიდევ ერთხელ გაგვაცანით ჯგუფი…
-სულ ათნი ვართ, 9 მუსიკოსი და ერთი ჩვენი ოპერატორი, სწორედ მის ხელშია ჩვენი ბედი კონცერტებზე.
-როგორი იყო 2015 წელი ”არგოსთვის”?
-არგოსთვის 2015 წელი ძალიან კარგი იყო, ჩავწერეთ რამდენიმე სიმღერა, ვმუშაობთ ახალ სიმღერაზეც. ვიყავით გასტროლებზე ევროპაში. იყო ფესტივალი ”ოქროს არწივები”. პრაღაში, ბერლინსა და საბერძნეთში ვიმღერეთ. შევასრულეთ ფოლკლორული სიმღერები. ვიმღერეთ მხოლოდ ქართულად. საბერძნეთში ძალიან ბევრი ქართველი დაესწრო ჩვენს კონცერტს, ბევრი ვანელი მოვიდა. 8500 კილომეტრი მიკროავტობუსით გავიარეთ. ვანიდან გავედით და ყველა ქვეყანა სწორედ ასე მოვიარეთ. თურქეთის საზღვარზე სხვათაშორის არცერთი ბოთლი არაყი არ ჩამოურთმევიათ. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ყველა სიმღერა, ჩვენი დაწერილია.
-ალბომი თუ გაქვთ?
-ჯერ არა, მაგრამ მომავალი წლიდან დავიწყებთ ალბომზე მუშაობას. ალბომისთვის დღეისათვის უკვე რვა სტუდიური ჩანაწერი გვაქვს.
-გაქვთ დუეტი თამუნა ალადაშვილთან…
-ამ დუეტმა გაამართლა და თამარის შემოსვლა ჩვენთვის წარმატებული გამოდგა. ის ჩვენი კარგი მეგობარი გახდა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას. ვფიქრობთ, კიდევ ერთი დუეტი ჩაწეროთ ერთად. გვინდა კონცერტები გავმართოთ რეგიონებში, რაც შეეხება თბილისს, რთულია ჩამოხვიდე ვანიდან და თბილისში კონცერტი ჩაატარო.
-რამდენად აქტიურები ხართ სოციალურ ქსელში?
-ნაკლებად, თუმცა ამ ბოლო დროს გავაქტიურდით. დევს ჩვენი მოღვაწეობის ამსახველი მასალა. ვერ ვიცლით იმისთვის, რომ მუდმივად განვაახლოთ.
-ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
-მას ჰქვია ”ადამიანო”. ტექსტი დაიწერა უშუალოდ ”არგოსთვის”, პაპუნას და, ქრისტინე ბახტაძეა ავტორი. ჩაიწერა ქუთაისში სტუდია ”ჯორჯიან რეკორდსში”, ისტრუმენტები ტრადიციულად ცოცხლად არის ჩაწერილი.
ჯგუფი არგო – ადამიანო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ჯგუფი არგო – არავინ LIVE
ჯგუფი არგო – რა ვქნა მიყვარხარ LIVE
ვიდეო კოლაჟი
ფოტო
