თებერვალში ქართულ ბაზარზე პირველი ადგილობრივი წარმოების სიგარილა გამოჩნდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” შპს RAMONA-ს აღამსრულებელმა დირექტორმა, სოსო მაზმიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, RAMONA-ს პროდუქცია იქნება ეკოლოგიურად სუფთა. ”ჩვენი ნაწარმი არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, მაგალითად, ქაღალდს ან წებოს. ის ათჯერ უფრო უვნებელია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი”, – აღნიშნა მაზმიშვილმა.
RAMONA-ს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, კომპანია სამომავლოდ სიგარის გამოშვებასაც გეგმავს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს სიგარეტის წარმოებას.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ქართული სიგარილები თებერვლიდან უკვე ყველა დიდ სავაჭრო ქსელში გაიყიდება.
მაზმიშვილის განმარტებით, მისი კომპანია ამ ეტაპზე სიგარილას რამდენიმე სახეობას აწარმოებს: მსუბუქი, საშუალო და მძლავრი. გარდა ამისა, RAMONA ალუბლის და ყავის არომატებით გაჯერებულ სიგარილებსაც გამოუშვებს.
როგორც მაზნიშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კომპანია მეზობელი ქვეყნების ბიზნესგარემოსაც სწავლობს და 2016 წლის შემოდგომაზე ქართული სიგარილები ექსპორტზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბაზრებზე გავა.
შპს RAMONA 2015 წლის სექტემბერში დაარსდა. ის საწარმოს თბილისში ფლობს. რაც შეეხება პროდუქციის საწარმოებელ ნედლეულს, თამბაქო აჭარიდან ჩამოაქვს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული და ამ ეტაპზე, თვეში 10 ათასამდე სიგარილა იწარმოება.
