
„შვიდკაცას“ კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია 7 მაისს „ივენთ ჰოლში“ იგეგმება. ბიჭები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მათ გვერდს დიდი ხნის მეგობრები და სასცენო პარტნიორები დაუმშვენებენ.
„არ დაიდარდოს“ საიტისთვის ფოტოსესიის გადასაღებად „შვიდკაცას“ რეპეტიციაზე ვესტუმრეთ, ისინი პიანისტ პაატა ანდრიაძესთან ერთად წინასაკონცერტოდ შეიკრიბნენ.
გიორგი ლომთათიძე, „შვიდკაცას“ წევრი:
7 მაისს, 7 საათზე, „ივენთ ჰოლში“ გაიმართება ანსამბლ „შვიდკაცას“ ახალი ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი. ალბომში შესულია ქალაქური ჟანრის სიმღერები, რომლებიც ქართველმა კომპოზიტორებმა შექმნეს. გარდა ჩვენი სოლოსიმღერებისა, ალბომში არის სიმღერები მეგობრებთან ერთად – დუეტები ლიზა ბაგრატიონთან, ლელა წურწუმიასთან, „ჯორჯიასთან“, გიო ხუციშვილთან…
რაც შეეხება კონცერტს, სიახლეა ის, რომ რამდენიმე სიმღერას შევასრულებთ „გუფი ლენდთან“ ერთად. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გვქონდა რამდენიმე წლის წინ კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, მაგრამ ბენდთან ერთად არასდროს გამოვსულვართ. კონცერტზე აკომპანემენეტს ასევე გაგვიწევს პიანისტი პაატა ანდრიაძე. დათო ევგენიძის სიმღერას პრემიერას მასთან ერთად შევასრულებთ, ის იქნება როიალთან.
გიორგი, რა არის „შვიდკაცას“ წარმატების საიდუმლო და როგორ შეინარჩუნეთ ამდენი წელი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა?
არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ ამდენი წელი აქტუალობის შენარჩუნება, ეს, ალბათ, მსმენელის გადასაწყვეტი იყო და არის. რაც შეეხება ერთად ყოფნას, 2001 წლიდან ეკლესიაში ვგალობთ. ვფიქრობ, ეკლესიასთან სიახლოვემ ჩვენს ურთიერთობაში დიდი წვლილი შეიტანა. ყოველ შაბათ-კვირას, რაც უნდა დატვირთული გრაფიკი გვქონდეს, ერთად ვიკრიბებით და სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წირვა-ლოცვაზე ვდგავართ. ასევე გახლავართ ერთმანეთის უახლოესი ნათესავები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და წესრიგის სიყვარული, ანსამბლის შვიდივე წევრს, შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ. განვიცდით, თუკი რაიმე არასწორად მოხდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა წარმატების მთავარი მიზეზია.
სულ ცდილობთ სიახლეების შეთანას შემოქმედებაში. ახლა სცენაზე ბენდთთან ერთად დადგებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრობთ, ქართულ სიმღერას სჭირდება მოდერნიზება?
ვერ ვიტყვი, რომ ქართულ სიმღერას მოდერნიზება სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ანსამბლისთვის ცუდი არ არის სიახლეები. ჩვენ სულ შევთავაზებთ ახალს, მსმენელის გადასაწყვეტია, რამდენად მიიღებს ამ სიახლეებს.
ნინო მურღულია
















