გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, ”მია ფორსის” მრბოლელი დათა ქაჯაია ესტუმრა.
– თქვენი ბოლო ვიზიტის შესახებ ვისაუბროთ…
– ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართა პორტუგალიაში, ეშტორვილის ავტოდრომზე, რომელიც 1996 წლამდე ”ფორმულა ერთის” ტიპის რბოლებს მასპინძლობდა. საკმაოდ რთული და საინტერესო ავტოდრომი გამოდგა. პირველად მომიწია მასზე რბოლა. შეჯიბრის დაწყებამდე, მხოლოდ 40 წუთი მქონდა სავარჯიშოდ და იმისათვის, რომ ტრასა გამეცნო. უნდა აღვნიშნო, რომ პირველად მონაწილეობდა ქართველი მრბოლელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ძარიან ავტომობილებს შორის და მე ამაყი ვარ ამით. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-სა და ”საქართველოს ბანკის” ”ექსპრეს ბანკს” ამ შესაძლებლობისათვის. გარდა პროფესიონალიზმისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ჩვენი პარტნიორია ასევე ევროპული კომპანია ”ლიქვიმოლი”. შარშან, ევროპის ჩემპიონი გავხდი და ამის შემდეგ მომეცა უფლება, რომ უფრო მაღალი რანგის რბოლაში მიმეღო მონაწილეობა.
– მოგვიყევით მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ?
– ყოველი ეტაპი ორი რბოლისგან შედგება, სულ 11 ეტაპის 22 რბოლა გაიმართება, ყოველი რბოლის შემდეგ მრბოლელი იღებს ქულებს, თუმცა ქულებს მხოლოდ პირველი ათი მრბოლელი იღებს. დანარჩენები ქულებს ვერ აგროვებენ და ლიდერებს ჩამორჩებიან. ჩემპიონი გახდება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ქულები იქნება. მონაწილეობენ მხოლოდ საუკეთესო პილოტები, ყველაზე ცნობილი არის იტალიელი ჯანი მორბიდელი, ის 6 წლის განმავლობაში ”ფორმულა ერთის” ბოლიდით ასპარეზობდა. ფინალი არის ნოემბერში, ჩინური მაკაოს ავტოდრომზე, რომელიც ძალიან საშიში და სახიფათოა. მოცურების შემთხვევაში პილოტს არ აქვს შესაძლებლობა დამატებით გზაზე გადავიდეს, აქ კი დამცავი ჯებირებით არის გზა გამაგრებული. ავტოდრომი ქალაქის ქუჩებშია, არის ძალიან ვიწრო, წინა შეჯიბრზე სტარტიდანვე 11 ავტომობილი დაიმტვრა. ავტოსპორტი სახიფათო ყოველთვის არის, ჩემპიონატი ძალიან კონტაქტურია, ავტომობილები ეჯახებიან ერთმანეთს და ძალიან რთულია ავტომობილის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან გირტყამენ. პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გადაიცემა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მონაწილეობით ძალიან კმაყოფილია ევროპული მხარე და არსებობს შანსი იმისა, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს.
– რომელი ავტომობილით ასპარეზობთ?
– გარდა იმისა, რომ ბრძოლა პილოტებს შორის მიმდინარეობს, მწვავე კონკურენციაა ავტომწარმოებლებს შორის. მიზერულმა ხარვეზმაც კი, შესაძლოა წამი დააკლოს მრბოლელს და ვერ გახდეს ლიდერი. მე ვასპარეზობ ”ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილით. ის წელს პირველად გამოჩნდა ჩემპიონატზე, სულ ასეთი ოთხია. ორი ადამიანი სხვა გუნდიდან არის, ჩემ გუნდში რუსი მრბოლელი მიხაილ გრაჩევია. ჯერ სამწუხაროდ ისეთ დონეზე არ არის ჩვენი ავტომობილი დახვეწილი, როგორც ”სეატი” და ”ჰონდა”. ცოტა გვიჭირს, ჯერ ახლა ვსწავლობთ პარამეტრების მორგებას, ჩვენი გუნდის მთავარი ინჟინერი გამოუცდელია და ტესტის რეჟიმში გავდივართ. ეს ძალიან ართულებს ჩემპიონატს. დებიუტისთვის მაინც კარგი შედეგი გქონდა, ბევრი ტექსტიკური პრობლემის გათვალისწინებით.
– ბელგიაში გაიმართება სპა ფრანკოშრამის ავტოდრომზე, ის წარმოუდგენლად ცვალებადი ამინდებით არის ცნობილი, ევროპაში ყველაზე გრძელი ავტოდრომია – 7 კილომეტრია მისი სიგრძე. 6-7 მაისს გაიმართება შეჯიბრი. საქართველოში ვემზადები ფსიქოლოგიურად, რადგან ავტომობილი აქ არ არის.
– როგორი იყო გასული სეზონი?
– ძალიან წარმატებული იყო, შარშან უკანა ამძრავიანი BMW-ს ტიპის ავტომობილით მიწევდა რბოლა. ის ტექნიკური პრობლემები რაც წელს გვაქვს, საერთოდ არ გვქონია. წელს წინა ამძრავიანი ავტომობილით მიწევს რბოლა. შარშან მხოლოდ ჩემ სისწრაფეზე იყო დამოკიდებული შედეგი, წელს კი ავტომობილმაც უნდა შემიწყოს ხელი. რადიკალურად განსხვავდება წინა და უკანა ამძრავიანი ავტომობილები, ამას შეჩვევა სჭირდება. მე უკანა ამძრავი მირჩევნია, ჩემპიონატის ორგანიზატორები ცდილობენ ავტომობილები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და უფრო მეტად სანახაობრივი იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში ავტოსპორტი ბევრად პოპულარულია და ოჯახებით მიდიან და კარვებით ავტოდრომთან ცხოვრობენ. ევროპაში 7-8 წლის ასაკიდან იწყებენ მზადებას ავტოსპორტისთვის. ახლა 32 წლის ვარ და ჩემი თაობის ყველა მრბოლელი თვითნასწავლები ვართ, ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას და პრაქტიკაში ვახორციელებდით. შსს-ს გუნდში 2011 წლიდან მოვხვდი, საკმაოდ წარმატებულად დავიწყე ასპარეზობა ლეგენდის ტიპის ავტომობილით. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ევროპის ჩემპიონატზეც მიმეღო მონაწილეობა.
– რომელია თქვენი საყვარელი ავტომობილი?
– BMW, რადგან სწორედ ამ მარკის ავტომობილით ვასპარეზობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ისევ BMW. თან კომფორტულია და თან სპორტული.
– თქვენ ხართ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის სახე, რას ურჩევდით ქართველ მძღოლებს?
– სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ გვაქვს, პირველ რიგში ვურჩევ ყველას, რომ დაიცვან წესები, დაუთმონ გზა ფეხით მოსიარულეებს, გამოიყენეთ ციმციმები, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა საცობებსაც ავირიდებთ თავიდან. “მია ფორსი” ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას და ყველა ახალგაზრდას ამისაკენ მოვუწოდებთ. საქართველოში, რუსთავის ავტოდრომზე შენდება კარტინგის სასწავლო ტრასა, სადაც ბავშვებს 6-7 წლის ასაკში შეეძლებათ ვარჯიშის დაწყება.
– თქვენ როგორი მძღოლი ხართ?
– მე ძალიან ნელა დავდივარ ქალაქში, არ მინდა ვინმეს ცუდი მაგალითი მივცე.
გადაცემის ჩანაწერი

