ტელეკომპანია რუსთავი 2- ის ყოფილი მფლობელები : ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ შოკირებულები არიან სტრასბურგის გადაწყვეტილებით. წერილში ყოფილი მფლობელები რუსთავი 2-ის გუნდს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება.
„მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ რუსთავი 2-ელს. ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
"მთელი საქართველო თქვენთან ვალშია" - სააკაშვილი რუსთავი 2-ს მიმართავს
"ივანიშვილი მალე მოშორდება, მე ამაზე დღე და ღამე ვმუშაობ და რუსთავი 2 ისევ თავისუფალი იქნება" - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით – გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ რუსთავი 2-ელს – საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და, უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.
მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილი მფლობელები პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებენ, თავი შეიკავნო სადაო ქონების დაუფლებისგან.
“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი. ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.
