LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით სახიფათო დაავადება

თავიდან ვფიქრობდით, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონია იყო და მთავარია, ავადმყოფი არ დაგეღუპოს და თუ გადარჩება, ის აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება. ახლა კი კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ ამ დაავადებამ შესაძლოა დატოვოს კვალი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ეს დაავადება იმაზე უფრო სახიფათო და ვერაგი გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ეს არ არის უბრალოდ ბანალური ვირუსული პნევმონია, ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს ვრცელდება. ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს მთელი რიგი ორგანოთა სისტემის მხრივ. ვითარდება ფილტვების სერიოზული დაზიანება და თან შესაძლოა, სხვადასხვა ტიპით მიმდინარეობდეს ეს დაზიანება. ეს ურთულებს ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს პროცესის მართვას და მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, მაგალითად იმისთვის, თუ რომელი პაციენტები უნდა იქნენ გადაყვანილნი მართვით სუნთქვაზე და რომელი არა. სხვა დაავადების დროს ეს მარტივად წყდება. აქ ეს რთული გადასაწყვეტია. რადგან დაავადების ფორმები და მიმდინარეობა სხვადასხვაა”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.