LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან მიჭირს თვითიზოლაციაში ყოფნა, წონაშიც მოვიმატე, ამიტომ დავიწყე ვარჯიში” – ნინო ანანიაშვილი სტუმრად ,,არტ-Fm” ში

გადაცემის ლაივი LIVE

,,ძალიან მიჭირს თვითიზოლაციაში ყოფნა, წონაშიც მოვიმატე, ამიტომ დავიწყე ვარჯიში, გვაქვს დასის და სკოლის ონლაინ გაკვეთილები. მე და თქვენ შეიძლება ჩავერთოთ და ვისაუბროთ, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ონლაინ ბალეტს, ეს უბრალოდ გამოსავალია, რომ ცოტა გამოძრავდე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით, თუ რაიმე გამოსავალი არ ვნახეთ ძალიან გაგვიჭირდება. ვღელავ, რადგან პროფესიონალი მოცეკვავისთვის ამხელა დროით შეჩერება ძალიან რთულია, ძნელია, როდესაც შენ მუშაობ ორი-სამი წელი დასის მოსამზადებლად, რათა გასტროლზე წაიყვანო. საქართველოს ბალეტი არასდროს არ წასულა კანადაში, ამაზე დიდი ხანი ვმუშაობდით და ჩვენ პირველად გვიწევდა წელს წასვლა. ჩვენი ბარგი, რომელიც გაგზავნილი გვქონდა უკან ჩამოგვივიდა, ესეც დიდ ხარჯებთანაა  დაკავშირებული და ძალიან გაგვიჭირდა. ასევე დიდი პრობლემა იქნება მაყურებლის თეატრში მობრუნება, მაღაზიაში ნიღბებით წასვლა კი შეგვიძლია, თუმცა ნიღბებით ვერ ვივარჯიშებთ. ვხუმრობდი, რომ ნიღბებით უნდა დავდგა სპეციალური ბალეტი”

ვიცით, რომ ძალიან ბევრი კოსტიუმის დიზაინი თქვენ გეკუთვნით, რომლის გამოფენაც უკვე იყო. ამ თვითიზოლაციის პერიოდში რაიმე ახალი ხომ არ შეგიქმნიათ?

დრო საერთოდ არ მაქვს, ვერაფერს ვერ ვასწრებ, რადგან მაქვს ბაღი და გადავიქეცი მებაღედ,  ვერთვები პრესკონფერენციებზე, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ფილმს ვუყურე, ამის დრო არასდროს არ მქონდა, ასევე ვემზადები მომავალი გეგმებისთვის, დადგმებისთვის. თეატრის ხელმძღვანელები, რომ ჩამოვთვალოთ საქართველოში, არც თუ ისე ბევრნი ვართ, ონლაინ დაკავშირება ყველასთან შეიძლება. ვისურვებდი, რომ ვინმე დაგვიკავშირდეს, თუნდაც კულტურის მინისტრი, დავილაპარაკოთ, გამოვიყენოთ ეს დრო. მე მაგალითად ბევრი პრობლემები მაქვს, როგორ გამოვალთ, როგორ ვიარსებებთ, რა უნდა გავაკეთოთ, ამ თემაზე არავინ გვესაუბრება, ძალიან გაუჭირდა კულტურას.

გავიგეთ, რომ ძალიან კარგ კერძებს ამზადებთ, რომელ კერძს ურჩევდით ჩვენს მსენელს?

ყოველთვის ვიცოდი კერძის მომზადება და ვაკეთებდი კიდეც, უბრალოდ ამის დრო არ მქონდა არასდროს. ძალიან მიხარია, რომ სულ სახლში ვართ ყველანი ერთად, ვფუსფუსებთ, საჭმელს ვაკეთებთ, ვალაგებთ და ერთად ვარჯიშობთ. თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ბევრი ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია, მეც ვიღებ ბევრ წერილს და თხოვნებს, ძალიან დიდი სიდუხჭირეა რაც მაწუხებს, ისინი მხოლოდ დღიურ შემოსავალს იღებდნენ და ახლა დარჩნენ ყველაფრის გარეშე. ასევე ჩვენი მედიკოსები არ დამავიწყდება არასდროს, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო და გთხოვოთ, რომ მათი მითითებები გავითვალისწინოთ.