“მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსი მთლიანად გაქრება, არ არსებობს“, -ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “იმედის” ეთერში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყვავილის გარდა მსოფლიოში არც ერთი ვირუსი არ გამქრალა.
„ავიღოთ ის ვირუსები, რომლებიც მწვავე ვირუსებია და ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს. მაგალითად, გრიპის ვირუსი, იგივე კოვიდ19-ის უახლოესი ნათესავები – სარსი და მერსი, ფრინველის გრიპი ან ებოლა… ამ ვირუსებით გამოწვეული ეპიდემია, ზოგჯერ კი პანდემია, ჩაცხრა. ეს მათი შინაგანი კანონზომიერებაა, თუმცა ადამიანის ხელიც ურევია. კაცობრიობამ ისწავლა პანდემიებთან ბრძოლა, მაგრამ როცა მათთან ბრძოლა არ იცოდნენ, იგივე შიდსის პანდემიების დროს, მაშინაც, რაღაც დროის შემდეგ, ის მიდიოდა შენელებისკენ და ჩაცხრებოდა. ყველა ეს ვირუსი, გარდა ყვავილის ვირუსისა, რომელიც აღმოფხვრეს დიდი ძალისხმევით, მსოფლიო ვაქცინაციით, არც ერთი არსად გამქრალა, ყველა რჩება ბუნებაში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსიც მთლიანად გაქრება, არ არსებობს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში წინა პლანზე ვირუსული ინფექციები არიან.
ბაქტერიული ინფექციები კი, დროდადრო გვახსენებენ თავს.
„თუ ადრე სჭარბობდა ბაქტერიული წარმოშობის ეპიდემიები და პანდემიები, მაგალითად, შავი ჭირი და ქოლერა, ეს ბაქტერიული ინფექციები დარჩნენ და დროდადრო გვახსენებს თავს, მაგრამ ბოლო პერიოდში წინა პლანზე გამოვიდა ვირუსული ინფექციები. მიკროსამყარო განაგრძობს ცხოვრებას თავისი შიდა კანონზომიერებით, როცა გარკვეული პერიოდულობით ეპიდემიური აფეთქებები ან პანდემიები მეორდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
