LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკომ დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას – თბილისის ინფექციური

„რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?”-ამ სათაურით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს სთხოვს დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ა.წ. 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონიდავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.

ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები”,- ნათქვამია განცხადებაში.