გერმანიაში 83 წლის კრისტიან ლანგემ მარტოობასთან გამკლავების უჩვეულო გზა იპოვა – საკუთარ ტერიტორიაზე ამანათების მიღებისა და გაცემის პუნქტი გახსნა. საქმიანობას მისთვის პრაქტიკულად შემოსავალი არ მოაქვს, თუმცა მთავარი მიზანი ფულის გამომუშავება კი არა, ადამიანებთან ურთიერთობაა.
ლანგე გერმანიის სოფელ ვისენბახში ცხოვრობს. ის ბოლო წლებში ავადმყოფ მეუღლეს უვლიდა. წყვილმა ერთად 61 წელი გაატარა, თუმცა ქალი მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა. მეუღლის დაკარგვის შემდეგ პენსიონერმა თავი განსაკუთრებით მარტოსულად იგრძნო და მალევე ამანათების პუნქტის გახსნა გადაწყვიტა.
ამანათების პუნქტთან ერთად ლანგეს პატარა მაღაზიაც აქვს, სადაც ბერძნულ დელიკატესებს ყიდის. ამანათებისთვის კი ეზოს დანარჩენ ნაწილს იყენებს.
პუნქტი და მაღაზია თითქმის არ არის მოგებიანი. თითოეულ ამანათზე ლანგე ერთ ევროზე ნაკლებს იღებს და საქმიანობის ხარჯებს ძირითადად საკუთარი პენსიით ფარავს. მიუხედავად ამისა, პენსიონერისთვის ფინანსური სარგებელი მთავარი არ არის.
მის პუნქტში ყოველდღიურად დაახლოებით 10-დან 20-მდე ადამიანი მიდის. მათი უმეტესობა ახლომახლო ცხოვრობს, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი იქამდე 50 კილომეტრის დაშორებული ადგილებიდანაც ჩადის, თუ ეს მათი სამსახურისკენ მიმავალ გზაზეა. ლანგე სტუმრებს ეკითხება, საიდან არიან და ასე იწყება მათ შორის საუბარი.
დროთა განმავლობაში რამდენიმე მომხმარებელი პენსიონერის მეგობარიც გახდა. როგორც თავად ლანგე ამბობს, პუნქტის გახსნის შემდეგ მარტოობის განცდა გაუქრა და ახლა ამ საქმიანობით ძალიან კმაყოფილია.
მისი ინიციატივა ადგილობრივ მოსახლეობასაც დაეხმარა. ლანგეს პუნქტის ამოქმედებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე სოფელში საფოსტო განყოფილება დაიხურა, რის გამოც მცხოვრებლებს ამანათების მისაღებად მეზობელ დასახლებებში უწევდათ წასვლა. ახლა კი მათთვის ეს სერვისი ისევ ახლოსაა და ამასთან, პენსიონერს ყოველდღიურად ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობასაც აძლევს.