სინგაპურში წიგნების კითხვის წასახალისებლად ახალი ეროვნული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს დღეში მინიმუმ 15 წუთიანი კითხვისთვის ვირტუალური მონეტების მიღება და მოგვიანებით მათი ფულში გადაცვლა შეუძლიათ.
ინიციატივა სახელწოდებით ReadSG სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკის საბჭომ (NLB) წამოიწყო და ხუთ წელზეა გათვლილი. მონაწილეებს შეუძლიათ ყოველდღიურად დააფიქსირონ კითხვის დრო სამთავრობო პლატფორმა CrowdTaskSG-ზე და ამის სანაცვლოდ ვირტუალური მონეტები მიიღონ.
პროგრამის მოქმედი პირობების მიხედვით, 15 წუთიანი კითხვის ერთი სესია მონაწილეს 20 ვირტუალურ მონეტას აძლევს, ხოლო 1000 მონეტა 1 სინგაპურულ დოლარს უდრის. შესაბამისად, ერთ დღეში მიღებული ჯილდო დაახლოებით 2 ცენტია. ინიციატივის მიზანი პირდაპირი ფინანსური სარგებლის მიღება კი არა, კითხვის ყოველდღიური ჩვევის ჩამოყალიბებაა.

ReadSG-ის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ ასევე დაისახონ პირადი მიზნები, აკონტროლონ კითხვის უწყვეტი დღეები და დააგროვონ გამოცდილების ქულები. კამპანია სექტემბერში დაიწყო და მისი საპილოტე ეტაპის განმავლობაში პლატფორმის ფუნქციები მონაწილეების უკუკავშირის მიხედვით უნდა გაუმჯობესდეს.
სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკის საბჭოს განცხადებით, ინიციატივის მიზანია ადამიანებმა უფრო მეტი დრო დაუთმონ ხანგრძლივ კითხვას იმ პერიოდში, როდესაც ყოველდღიური ინფორმაციის დიდი ნაწილი მოკლე ვიდეოების, სათაურებისა და სოციალური ქსელების კონტენტის სახით მიეწოდებათ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეგულარული კითხვა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, წარმოსახვის, ყურადღებისა და ემპათიის განვითარებას.

პროგრამას საქველმოქმედო კომპონენტიც აქვს. მონაწილეების მიერ დაფიქსირებული კითხვის წუთები Read for Good-ის კამპანიას ემატება, რომლის მიზანია ნაკლებად შეძლებული ადამიანებისთვის წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2026 წელს ორგანიზაცია 7,5 მილიონი კითხვის წუთის დაგროვებას და საქველმოქმედო პროექტებისთვის 150 ათას სინგაპურულ დოლარამდე თანხის მოზიდვას გეგმავს.