LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვი ამბობს: „მუცელი მტკივა, გული მერევა“ – როდის არის ეს საყურადღებო? – გასტროენტეროლოგ მარიამ ღუღუნიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

9029
მარიამ-ღუღუნიშვილი

„რა არის ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი, რა არის ის წითელი ალმები, რომელთა დროსაც დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, რა ტიპის პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს გულისრევის შეგრძნება, ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორი უნდა იყოს კვება და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“ – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ნატა ხარაშვილის პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ „თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გასტროენტეროლოგმა – მარიამ ღუღუნიშვილმა ისაუბრა.

მარიამ, რა არის ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი?

ძალიან გაგვიჭირდება ერთი ან თუნდაც რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა, რადგან ამისთვის გამოკითხვაა საჭირო. თუნდაც, მშობელი რომ რეკავს ტექსტით „ექიმო, ბავშვს მუცელი სტკივა და რა სჭირს?“, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, არარეალურიც კი.

ხანდახან, მუცლის ტკივილი არის ის სიმპტომი, რითაც ბავშვი გვესაუბრება, თუმცა შეიძლება, მუცელი და საჭმლის მომნელებელი სისტემა არაფერ შუაში არ არის.

გლობალურად თუ შევხედავთ, მუცლის ტკივილს ხშირ შემთხვევაში იწვევს დაუცლელი ნაწლავი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაუცლელ ნაწლავზე, აქ უფრო შეკრულობას, ანუ ყაბზობას ვგულისხმობთ, ასევე ჭარბი რაოდენობით აირების დაგროვებას. ყველას კოლიკა მარტო სამ თვემდე ბავშვის პრობლემა გვგონია, თითქოს, ეს რაღაც მაგიური სამი თვე რომ გადაილახება, ბავშვს მუცელი აღარ უნდა სტკიოდეს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან აირი ბუნებრივად წარმოიქმნება მუცელში და შეიძლება, რომ აირების დაგროვებამაც ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი გამოიწვიოს და ეს ძალიან საყურადღებოა.

აირს იწვევს როგორც კვება, ისე ზოგიერთი მედიკამენტი, ბავშვის ზოგიერთი არასასურველი ქცევა, ამიტომ ძალიან რთულია, ასე ცალსახად რაიმე ვთქვათ.

მნიშვნელოვანია, თუ სად, რა ადგილი სტკივა ბავშვს. ჩვენ ოთხ ნაწილად ვყოფთ მუცელს, ორი ხაზი პერპენდიკულარულად რომ გადავკვეთოთ ჭიპზე და ყოველთვის ვეკითხებით, დაახლოებით რა ლოკაციაზე, რა მიდამოში სტკივა ბავშვს მუცელი. თუ ბავშვი იძახის ზედა და მარჯვენა მხარეს, ვფიქრობთ, რომ არ იყოს ნაღვლის ბუშტი ან ნაღვლის სადინარი და ეს მნიშვნელოვნად უნდა იყოს გამოკვლეული. თუ ტკივილი არის მაღლა და მარცხენა მხარეს, ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს კუჭიდან წამოსული პრობლემა, გასტრიტს რასაც ვეძახით. თუ ეს ტკივილი არის ქვევით და მარჯვნივ, ბრმა ნაწლავის ანთებაზე ვეჭვობთ ხოლმე. მარცხენა მხარეს, ქვედა ნაწილში თუ არის ტკივილი, უფრო ჭარბი აირები და შეკრულობა აქვს ხოლმე ბავშვს. თუ ტკივილი ჭიპის გარშემოა, ხშირად და არა ყოველთვის, კუჭ-ნაწლავი საერთოდ არაფერ შუაშია და ამას ჩვენ ვეძახით ფუნქციურ მუცლის ტკივილს, რაც ძალიან ხშირია ბავშვებში.

თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, 2025 წელს მსოფლიოს 29 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა კვლევა და დაფიქსირდა, რომ 11 %-ში ტკივილი საერთოდაც არ არის ნაწლავთან კავშირში. 11 % საკმაოდ დიდი ციფრია. ტკივილით ბავშვი შეიძლება გვესაუბრებოდეს სტრესზე, ემოციაზე, რაღაცაზე, რასაც სხვანაირად ვერ ამბობს და ეს არ არის ყურადღების მიქცევა და ტყუილი ტკივილი, მართლა სტკივა, ეს რეალური ტკივილია, ისევე, როგორც ჩვენ ვერავინ გვეტყვის და დაგვიმტკიცებს, სტრესის დროს თავი რომ გვტკივა, რომ არ გვტკივა, გვტკივა… მუცლის ტკივილი ბავშვისთვის შეიძლება ელემენტარული სტრესის გამოხატულება იყოს, მაგრამ მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან მარტო მშობელი ამის დიფერენცირებას, განსხვავებას ვერ მოახდენს. 

რა არის ის მნიშვნელოვანი წითელი ალმები, რა დროსაც უმჯობესია, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს?

არის მდგომარეობები და წითელი ალმები, როდესაც ჩვენ ექიმთან აუცილებლად უნდა მივიდეთ, მაგალითად, ასეთია, თუ მუცლის ტკივილის სიძლიერე იმატებს დროთა განმავლობაში, თუ მშვიდი მდგომარეობის მონაკვეთები იკლებს, სიხშირე იმატებს, თუ მუცლის ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, განავალში სისხლის ან ჭარბად ლორწოს არსებობა, თუ მუცლის ქრონიკულ ტკივილს თან ახლავს წონაში და სიმაღლეში ზრდის შეფერხება, თუ მუცლის ტკივილის თან ახლავს მნიშვნელოვანი მიკრო და მაკრო ნუტრიენტების დეფიციტი, თუ მუცლის ტკივილი კონკრეტულად არის, მაგალითად, ღამის საათებში ან პირიქით დილით, ანუ თუ კონკრეტულ, ერთსა და იმავე დროს სტკივა ბავშვს მუცელი. ეს არის იმ ალმების ჩამონათვალი, რა დროსაც აუცილებლად ექიმის მიერ უნდა ინახოს პაციენტი.

მოზრდილებიც და ბავშვებიც ხშირად უჩივიან გულისრევის შეგრძნებას, რატომ არის აღნიშნული სიმპტომი ასეთი გავრცელებული, ისიც ემოციასთან ხომ არ არის კავშირში და რა ტიპის პრობლემაზე შეიძლება, რომ ის მიანიშნებდეს?

გულისრევის შეგრძნებაც შეიძლება, რომ სტრესის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, ანუ ესეც ფუნქციური დარღვევა შეიძლება, რომ იყოს. თუ ეს დილის საათებშია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბოლო კვებას დაძინებამდე, თუ დაძინებამდე რამდენი საათით ადრე იყო ის მიღებული.

ბავშვი რაც უფრო პატარაა, კვება დაძინებასთან უფრო ახლოს უნდა მოხდეს, მაგრამ როცა ბავშვი უკვე იზრდება, ინტერვალიც მინიმუმ სამი საათი დაძინებამდე უნდა იყოს, ანუ ეს არის ის დრო, როცა ბავშვი ნაკვები არ უნდა იყოს. სავსე კუჭით როდესაც ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლა, რეფლუქსი, ანუ კუჭის შიგთავსის მაღლა საყლაპავში ამოსვლა ძალიან მარტივია და შესაბამისად, დილით რომ გაიღვიძებს ადამიანი და გულისრევის შეგრძნება, დისკომფორტი ექნება და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.

მნიშვნელოვანია, თუ რა იქნება ბოლო კვებაც, არ არის ვალდებული ჩვენი ნაწლავი ქარხანასავით ყველა ჩვენთვის სასურველ საკვებს ინელებდეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაღაც საკვები მხოლოდ სადილზე, მხოლოდ საუზმეზე ან ვახშამზე უნდა მივიღოთ, ამას მნიშვნელობა აქვს.

მნიშვნელობა აქვს ეს გულისრევის შეგრძნება მალევე გადადის თუ არა, თუ დილით დაწყებული მთელი დღის განმავლობაში გრძელდება, მაშინ შეიძლება, რომ გასტრიტიც იყოს, შეიძლება, ეს წყლულის ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

გულისრევის შეგრძნება ასე ცალსახად არ ნიშნავს კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკულ დაავადებას, თუმცა საყურადღებო ნიშანი ნამდვილად არის.

რა დროს ჩნდება ეჭვი ჰელიკობაქტერიის არსებობაზე, რა ტიპის კვლევები კეთდება მის დასადგენად, რა ტიპის ჩივილებთან გვაქვს საქმე და საერთოდ, რატომ შეიძლება, რომ ეს პრობლემა გაჩნდეს?

ჰელიკობაქტერიის გაჩენა ძალიან მარტივია. ადამიანიდან ადამიანზე გადადის ეს ბაქტერია, ის გადადის ძალიან მარტივად, ლორწოვანით, ფეკალური, ორალური გზით, დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთებით. შესაბამისად, თუ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აქვს ჰელიკობაქტერია, ის ძალიან მარტივი წყაროა. გადადება ხდება დროთა განმავლობაში და აქვს რამდენიმე ფაზა. ჰელიკობაქტერიას აქვს თავისი შოლტები და ძალიან დიდხანს და კარგად შეუძლია, რომ კუჭის ლორწოვანზე იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული პრობლემები, შეუძლია, გამოიწვიოს პრობლემები კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში… ანთებები, წყლული…

როდესაც ჰელიკობაქტერიის დროს ხშირია ისეთი ჩივილი, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კუჭის არეში წვის შეგრძნება, გულძმარვა, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, ეს საყურადღებოა, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ყველა ამ ჩივილის დროს გავიქცეთ და ყველამ გავიკეთოთ  ჰელიკობაქტერიაზე კვლევა, რადგან ჰელიკობაქტერიის დადებითობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ ბავშვს. მარტო დადებითი პასუხის არსებობა, არ ნიშნავს მკურნალობის მიზეზს, რადგან ჰელიკობაქტერიას, როგორც წესი, ჩვენ მინიმუმ ორი ან მაქსიმუმ სამი ანტიბიოტიკით ვმკურნალობთ და ეს ექიმის საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა.

შეიძლება, ღებინება და გულისრევის შეგრძნება დიდხანს გრძელდებოდეს, მაგრამ ექიმმა მოგთხოვოთ გასტროსკოპია და მხოლოდ მაშინ გადაწყვიტოს მკურნალობის დანიშვნა, რადგან რეინფექციის რისკი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ეს არ არის მკურნალობა, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ ჩატარდება. ჰელიკოს მკურნალობას უნდა გარკვეული ჩვენება.

ჰელიკობაქტერიის გადადება ძალიან მაღალია ბავშვებში, შეიძლება, 30 %-ზე მეტიც იყოს გავრცელების პროცენტულობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ.

ნაღვლის ბუშტი და მისგან გამოწვეული სხვადასხვა ტიპის სიმპტომები, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება, მისი შეგუბება, ეს ის პრობლემებია, რომლებიც ბავშვებში ხშირია… რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა დროს უნდა მივმართოთ რადიოლოგიურ კვლევას?

თითქოსდა, ნაღვლის ბუშტს ძალიან მცირედი ფუნქცია აქვს ორგანიზმში, თითქოს, არის მხოლოდ ნაღვლის რეზერვუარი, რომელიც გვიგროვებს ნაღველს მანამ, სანამ ვართ მშივრები და როცა მივირთმევთ, უკვე ხდება მისი გადმოდინება წვრილ ნაწლავში და ინელებს ჩვენს მიერ მიღებულ საკვებს. თითქოს, ეს ერთი ფუნქციაა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ნაღვლის ბუშტი სხვა ბევრ სიკეთესაც გვიკეთებს და მისი ავადმყოფობა შეიძლება, რომ შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, თუნდაც, თანდაყოლილი ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება შეიძლება, რომ ჩვილს ჰქონდეს, როდესაც არის, მაგალითად, ასეთი გენეტიკური დაავადება, როგორიცაა მუკოვისციდოზი, იგივე ცისტური ფიბროზი. შეიძლება, ჩვილს სხვა არაფერი ჩივილი არ ჰქონდეს, უბრალოდ, ნაღვლის ბუშტში ჰქონდეს კენჭები, ამიტომ ძალიან საყურადღებო ორგანოა.

ასევე, შეიძლება, ნებისმიერი ინფექციის დროს არასწორად ან თუნდაც, სწორად იყოს დანიშნული ანტიბიოტიკი, მეტწილად ეს ეხება ცეფტრიაქსონის ჯგუფს, რამაც შეიძლება, რომ დროებითად კენჭი წარმოქმნას. თუ მუცლის ღრუს ექოსკოპია გაკეთდება და აღმოვაჩენთ კენჭებს, არ ნიშნავს, რომ ეს კენჭი აუცილებლად სამკურნალოა, თუ ბავშვს წინა პერიოდში მიღებული აქვს ანტიბიოტიკი, რადგან ეს თვით განლევადია, ამიტომ ნაღვლის ბუშტის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ზოგიერთი შეძენილი.

ყველაზე ხშირად რაც ნაღვლის ბუშტს არ სიამოვნებს, არის არაჯანსაღი და არარეგულარული კვება, კვების რეგულარობას, ანუ საათობრივ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვსაუბრობდით, რომ გვიან არ უნდა მოხდეს ბოლო ულუფის მიღება, თუმცა დღის მანძილზეც ბავშვის კვება უნდა იყოს საათობრივი, არ შეიძლება, ბავშვი მთელი დღე იყოს მშიერი და ეს ნაღვლის ბუშტი იცდიდეს ამ დაგროვებული ნაღვლით, თუ როდის მოხდება კვება. შესაბამისად, კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის უნდა გაკეთდეს კვლევა, საჭიროება ექიმმა უნდა ჩათვალოს. მე მაინც ვიტყოდი, რომ ნებისმიერი კვლევა მშობლის მიერ არ უნდა იყოს გადაწყვეტილი, რადგან არის ზოგიერთი კვლევა, რომელთა დროსაც მნიშვნელობა აქვს დროს, ნაჭამზე კეთდება ის თუ მშიერზე, კვებიდან რამდენ ხანში და ა.შ. ასევე, ყველა კვლევას თავისი ინტერპრეტაცია, შეფასება უნდა მოჰყვეს და ხანდახან, ექიმი იბნევა მის მიერ რომ არ არის კვლევა დანიშნული და უბრალოდ რომ აწვდი კვლევის შედეგს, ეს არ არის სწორი.

როდესაც არის უცბად დანაყრება, ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრატში, ალბათ, უფრო მაშინ ვიკვლევთ ხოლმე ნაღვლის ბუშტის ფუნქციას.

რამდენად გავრცელებული დაავადებაა ცელიაკია და აქვს თუ არა მას რაიმე ისეთი გამოხატული, განსხვავებული სიმპტომები?

მიხარია, რომ უკვე ხშირად აკეთებენ ცელიაკიაზე კვლევას, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ უფრო ნაკლებ რაოდენობაში ვფიქრობდით, რომ იყო ცელიაკია, რეალურად კი, ცელიაკიის მქონე ბავშვების ციფრი ყოველწლიურად იზრდება.

ეს არის გენეტიკურად დეტერმინირებულ, ანუ გენეტიკურად განსაზღვრულ პირებში.

ადამიანს რომ ცელიაკია დაემართოს, უნდა ატარებდეს სპეციფიკურ გენს, შესაბამისად, ყველას ასე ცელიაკია ვერ დაგვემართება.

ეს არის თანდაყოლილი, ამ გენით ჩვენ ვიბადებით, უბრალოდ, სიმპტომი ნებისმიერ ასაკში შეიძლება, რომ გამოვლინდეს, დაწყებული 6 თვის ზემოთ ასაკიდან. 6 თვეს იმიტომ აღვნიშნავ, რომ ცელიაკია ეს არის გლუტენის მიუღებლობა წვრილი ნაწლავის მიერ, ჩვენ კი გლუტენი გვაქვს მარცვლეულში და როგორც წესი, 6 თვემდე ნაკლებად ვიღებთ მარცვლეულის ფაფებს, შესაბამისად, გლუტენი ჩვენს ორგანიზმში ჯერ ვერ ხვდება. მანამ, სანამ ბავშვი მხოლოდ რძეზეა, ცელიაკიის სიმპტომები ფიზიკურად ვერ ექნება, სიმპტომის წარმოსაქმნელად, საჭიროა, რომ მის ნაწლავში მოხვდეს გლუტენი და არა მარტო გლუტენი, ჩვენ რატომღაც გლუტენზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, მაგრამ სხვადასხვა პროლამინები, ანუ სხვადასხვა ცილებია სხვადასხვა მარცვალში. ხორბალში, ჭვავში, ქერში და ა.შ. , ყველგან გლუტენი არ არის, ზოგში რა პროლამინია, ზოგში რა.

როდესაც ამ მარცვლეულების გამოყენებას იწყებს ბავშვი, ქამელეონს ან აისბერგს ვეძახით ხოლმე ამ დაავადებას, რადგან ქამელეონივით ყველა ბავშვი შეიძლება კლასიკური, სტანდარტული ჩივილებით სულაც არ იყოს.

ამ დროს არის ქრონიკული მუცლის ტკივილი, შებერილობა, მუცლის გარშემოწერილობის შეუსაბამობა ჰაბიტუსთან, ანუ ბავშვი, თითქოს, გამხდარია, მაგრამ მუცლის ზომა ყურადღებას იპყრობს. არის სიმაღლეში და წონაში მატების შეფერხება, რკინის დეფიციტი, მიუხედავად თერაპიისა, ანუ ბავშვი იღებს რკინას მედიკამენტით, მაგრამ მისი ნორმალიზება ვერ ხდება, ასევე არის B ვიტამინის, D ვიტამინის, კალციუმის და ა.შ. დეფიციტი, თმის ცვენა. რა თქმა უნდა, დიარეა წამყვანი არის ხოლმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყაბზობაც ცელიაკიის ერთ-ერთი სიმპტომია. განავალი არის ხოლმე, როგორც წესი, არა მხოლოდ თხელი კონსისტენციის, არამედ შეუსაბამოდ ბევრი. ასევე, მშობლები ამბობენ, რომ ბავშვი ჭამს, ჭამს, მაგრამ წონაში მატება არ არის.

ცელიაკიაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან გვიან დასმული დიაგნოზი ბევრ სხვადასხვა დაავადებაზე გვაფიქრებინებს. შესაბამისად, რაც უფრო დროულად დავსვამთ დიაგნოზს და დიეტაზე გადავიყვანთ ბავშვს, მნიშვნელოვანია.

ერთია ცელიაკია, თუმცა არის გლუტენზე ალერგიაც, არის არა ცელიაკია, არამედ გლუტენ სენსიტიურობა, ანუ გლუტენის მიმართ მგრძნობელობა, ეს ყველაფერი სხვადასხვა დიაგნოზია და მშობლები ხანდახან იბნევიან, რომ ამბობენ, „ცელიაკია ჰქონდა ჩემს ბავშვს და ახლა აღარ აქვს“, ეს არარეალურია, არასწორია, რადგან ცელიაკია, როგორც ვთქვით, გენეტიკურია და ამ დაავადების გაქრობა ვერ მოხდება, შესაბამისად, ეს შეიძლება, იყოს სხვა პრობლემა, ალერგია, აუტანლობა, რომელიც დროთა განმავლობაში დაძლევადი და გარდამავალია. შეიძლება, ბავშვს ცელიაკიის ანალიზებს როდესაც დავუნიშნავთ, არ ამოუვიდეს, მაგრამ აუტანლობა, ალერგია ან სენსიტიურობა ჰქონდეს და ხანდახან, პედიატრმა თუ ბავშვთა გასტროენტეროლოგმა შეიძლება, რომ მიუხედავად არა ცელიაკიის დიაგნოზისა, გარკვეული დროით მაინც დიეტაზე დასვას ის, თუმცა ეს არის ექიმის გადასაწყვეტი და მშობელმა არამც და არამც არ უნდა დასვას ის დიეტაზე.

როდესაც სახეზე არის ისეთი სიმპტომი, როგორიც მუცლის ტკივილია, რა არის პრობლემის დიაგნოსტირების სტანდარტი და შემდეგ, იმის და მიხედვით თუ რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორ დგება მკურნალობა?

დიაგნოსტიკა მუცლის ტკივილის დროს აუცილებელია. თუნდაც, წეღან რომ ვსაუბრობდი, ხშირად მუცლის ტკივილი კუჭ-ნაწლავთან არაფერ შუაში არ არის-მეთქი, ამის თქმის უფლება რომ გვქონდეს, უნდა გამოირიცხოს სხვა დაავადებები და მხოლოდ მერე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფუნქციური მუცლის ტკივილი, ანუ ნაწლავ-ტვინის ღერძიდან წამოსული ტკივილი.

როდესაც მშობელს მოჰყავს ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ უკვე ჩატარებული აქვს გარკვეული კვლევები.

მუცლის ღრუს ექოსკოპიიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იყოს რაიმე ანთებითი პროცესი, ვაკეთებთ სისხლის საერთო ანალიზს, C რეაქტიულ ცილას. ხშირ შემთხვევაში მუცლის ტკივილს საშარდე გზებიც ინფექციებიც იწვევენ, შეიძლება, რომ საშარდე გზების ინფექცია მხოლოდ და მხოლოდ მუცლის ტკივილით გამოვლინდეს, რა შემთხვევაშიც, შეიძლება, რომ ექიმმა შარდის საერთო ანალიზიც მოგთხოვოთ.

ვისაუბრეთ ცელიაკიაზე, თუმცა არის ლაქტოზის, ფრუქტოზის აუტანლობაც და შეიძლება, რომ ამ კუთხითაც მოხდეს კვლევების ჩატარება.

თუ მუცლის ტკივილი არის ქრონიკული და თან ახლავს ფაღარათი ან სისხლიანი ფაღარათი, მაშინ უნდა ვიფიქროთ ქრონიკულ ნაწლავის ანთებით დაავადებებზე და შეიძლება, რომ კოლონოსკოპიით დამთავრდეს სრულად ეს ჩვენი კვლევების მარათონი, ასე რომ, ბევრი კვლევა არის ამ სადიაგნოსტიკო „მენიუში“, გააჩნია, რა დაავადებაზე ვეჭვობთ.

მკურნალობა უნდა შეესაბამებოდეს დიაგნოზს, ამიტომ ჩვენ არასდროს მივესალმებით სახლში ან მშობლის მიერ დაწყებულ მკურნალობას, რადგან ხანდახან ეს გვიცვლის სურათს და სანამ პაციენტი ექიმამდე მოაღწევს, შეცვლილია ჩივილები. სწორია, რომ ჯერ დიაგნოზი დაისვას და მერე, დაიწყოს მკურნალობა.

ფორუმებზე, სამედიცინო ჯგუფებში მშობლები ხშირად წერენ, ხშირი მუცლის ტკივილისას გავაკეთეთ რადიოლოგიური კვლევა, ექოსკოპია, გამოვრიცხეთ ან დავადასტურეთ ჭიების არსებობა და დავისვენეთო… ეს სწორი მიდგომა არ არის ხომ?

რა თქმა უნდა, სწორი არ არის და რა თქმა უნდა, პარაზიტებს და ჰელმინთებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ მუცლის ტკივილში, თუმცა ის მიდგომა, რომ მოდი, საპროფილაქტიკოდ ჩავატაროთ მკურნალობა, ესეც არ არის სწორი, რადგან გააჩნია, რა პარაზიტზეა საუბარი, ყველაფერს თავისი დოზა და მედიკამენტი აქვს.

ბუნებრივია, შეიძლება, რომ ანტიპარაზიტული მკურნალობის დროს მუცლის ტკივილი მართლაც გაქრეს, მაგრამ ეს შეიძლება დამთხვევაც იყოს, რადგან თან როგორც წესი, პარალელურ რეჟიმში კვებასაც აწესრიგებენ ხოლმე. ვერ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ანტიპარაზიტულმა მკურნალობამ შედეგი დადოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მუცლის ტკივილზე ბავშვმა მიიღოს ანტიპარაზიტული ან თუნდაც, სხვა წამალი, რამაც სხვა ბავშვთან იმოქმედა. არ არსებობს ერთი სტანდარტული მუცლის ტკივილის წამალი, რომ ასე თამამად ვურჩიოთ და გავავრცელოთ.

რა არის ის აუცილებელი საკვები, რომელიც მუცლის ტკივილისკენ მიდრეკილმა ბავშვებმა უნდა მიიღონ და რა საკვებია მათთვის პრაქტიკულად აკრძალული?

კვებას საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობაში ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

საკვები პროდუქტი ეს არ არის შექმნილი მხოლოდ სიამოვნებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობისთვის. შესაბამისად, ჩვენ საჭმელს უფრო არსებობისთვის და საჭიროებისთვის უნდა ვჭამდეთ, ვიდრე სიამოვნებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მეტ წილად, ისე არ გამიგოთ, რომ კვება სიამოვნება არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ბავშვისთვის. ყველას ყველაფრის უფლება აქვს, გააჩნია სიხშირეს და მოცულობას.

ბრაზილიაში შეიქმნა ნოვას კლასიფიკაცია, რომელსაც ყველა გასტროენტეროლოგი მიყვება და რომლის მიხედვითაც იყოფა პროდუქტები. მარტივად რომ ავხსნათ, ოთხი ჯგუფია. პირველი ჯგუფი ეს არის საკვები, რაც ბუნებამ გვიბოძა, სუფთა ნედლეულის სახით რასაც ვიღებთ. მეორე ჯგუფი ეს არის პროცესირებადი, ოღონდ კულინარიის თვალსაზრისით, მაგალითად, ზეთი, მარილი, კარაქი, ეს არის ისეთი პროდუქტები, რასაც ჩვენ ვიყენებთ კვებაში კულინარიული მიზნებისთვის. მესამე ჯგუფი ეს არის ამ ორის გაერთიანება, მაგალითად დამარინადებული რაიმე, ჯემის სახით, მწნილის სახით… და არის ულტრაპროცესირებული საკვები, რასაც ჩვენ დღესდღეობით ყველა მოვიხმართ ძალიან ჭარბად და ეს არის ალმებს თუ მკითხავდით კვებაში. ჩვენ დღეს ძალიან აჩქარებული ტემპით ვცხოვრობთ, ჩვენ გვინდა ვიკვებოთ სწრაფად, გემრიელად და მარტივად მოსამზადებელი საკვებით, რომ კვებაში, საჭმლის მომზადებაში დრო არ დავკარგოთ… მესმის, ყველასი მესმის, მაგრამ ეს არის ის პროდუქტები, რომლებიც ნაწლავის ბარიერს ანადგურებს. საჭმლის მომნელებელი სისტემა არის მომნელებელი და გადამამუშავებელი სისტემა და რომ წარმოვიდგინოთ, არის კავშირები ნაწლავის უჯრედებს შორის, რაც ფილტრავს, ნაწილს იტოვებს და სისხლის მიმოქცევაში გადასცემს, ნაწილს ვერ იტოვებს და ჩვენ ფაქტობრივად, ამ ფილტრის ფუნქციას ვუკარგავთ ნაწლავს ასეთი ულტრაპროცესირებული საკვების მიღების შემდგომ. ასეთი პროდუქტებია: ჩიფსები, ტკბილეული, რაც ფორმა შეცვლილია, რაც არ არის ბუნებრივი. სტრუქტურა და ყველაფერი იმდენად შეცვლილი აქვთ მათ, რომ მარტივად ვერც ვნაყრდებით, წარმოიდგინეთ, სად ის, რომ მიიღოთ მოხარშული ხორცი, რომლის პატარა ულუფამაც შეიძლება, რომ დაგანაყროს, როცა ვერაფრით ვერ დაგანაყრებს ბეკონიანი ჩიფსი. შესაბამისად, ამ ნაწლავის ლორწოვანის კავშირებს ანადგურებს და ე.წ. ჟონვადი ნაწლავის სინდრომებს აყალიბებს, რაც შემდგომ უკვე, ჩვენ რაც არ უნდა მედიკამენტი მივიღოთ და „ვუმკურნალოთ“ სხვადასხვა დაავადებას, ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალებთ. რა თქმა უნდა, კვება არ არის, ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა საკვები შეიძლება, რომ ვურჩიოთ მათ, რაც უფრო მარტივია საკვები, რაც უფრო მარტივადაა გაკეთებული, მომზადებული, ბევრი დანამატების გარეშე, უფრო ჯანსაღია. ბუნება რა სახითაც გვაძლევს საკვებს, იმ სახით რომ მივიღოთ, ბევრად უფრო ჯანსაღია, რა თქმა უნდა, თერმულად დამუშავება და ა.შ. საჭიროა.

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები