LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის”

28 ოქტომბერს, 17:00-19:00 საათზე, სასტუმროში „შერატონი“, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართება.
წელს კონკურსში მონაწილეობას იღებს 100-მდე პროექტი.

ღონისძიებაზე გამოვლინდება გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში:
SDG 4 – ხარისხიანი განათლება;
SDG 5 – გენდერული თანასწორობა;
SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება;
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის.

ღონისძიებას დაესწრება ჯილდოში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მეორედ იმართება მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში. კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში – კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილის საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი და სტატია/ბლოგი.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო იმართება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. დამსწრე პირი ორჯერადად უნდა იყოს ვაქცინირებული COVID-19 ვაქცინით (ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე) ან გაკეთებული ჰქონდეს PCR (არაუმეტეს 72 საათისა)/ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი (არაუმეტეს 24 საათისა). ასევე ტესტირება შესაძლებელი იქნება ღონისძიების დაწყებამდე სასტუმროში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უზრუნველყოფს სწრაფ ტესტირებას.

ინფორმაცია ჯილდოს შესახებ:

საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული;

ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:
• მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;
• წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
• წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

გასული წლების ჯილდო გადაეცათ კომპანიებს როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიდან. მათ შორის იყვნენ საბანკო, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.